ნუ დააჩქარებ სიკვდილს !
25 დღეში 20 დაღუპული (მედიაში გახმაურებული შემთხვევები)
1 იანვარი - გამთენიისას საშინელი ავარია მოხდა რუსთავში. გავრცელებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი "ბე-ემ-ვეს " მარკის ავტომობილი გმირთა მემორიალს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მანქანა აფეთქდა და ცეცხლი წაეკიდა. მანქანაში 20-25 წლის ხუთი ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა. ხუთივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.
4 იანვარი - ავარია ავტობანზე. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მანქანა ასფალტის ჯებირს შეასკდა. ადგილზე დაიღუპა ავტომობილის ოთხი მგზავრი - 21-22 წლის ორი გოგონა და ორი ბიჭი
12 იანვარი - ხაშურის რაიონის სოფელ ალთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს "მერსედესის " მარკის ავტომობილი და "ნივა " შეეჯახნენ. ერთ-ერთი დაღუპული 9 წლის გოგონა იყო, კიდევ ერთი მსხვერპლი კი სასულიერო პირი მამა ვახტანგ აბდუშელიშვილი.
16 იანვარი - ავტოსაგზაო შემთხვევა წნორში. დედოფლისწყაროდან სიღნაღისკენ მომავალი სატვირთო მანქანა სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. დაიღუპა ერთი და დაშავდა 5 მგზავრი, მათგან ერთი - ბავშვი. თვითმხილველების თქმით, სატვირთო მანქანა დიდი სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა გადაბრუნდა.
21 იანვარი - თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მამა-შვილი. შემთხვევა 21 იანვარს ღამით, ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ მოხდა. არსებული ინფორმაციით, "ოპელის " მარკის ავტომობილი ჯერ ქვეითად მოსიარულე ქალს შეეჯახა, შემდეგ კი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და განათების ბოძს შეასკდა. ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა. დაიღუპნენ მანქანაში მსხდომი მამა-შვილი, ხოლო დედის მდგომარეობა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი, უმძიმესია.
22 იანვარი - ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავარია 8 მარტის ქუჩაზე, რაგბის სტადიონთან მოხდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, "ოპელის " მარკის ავტომანქანა მოცურდა, ბოძს შეეჯახა, ამოტრიალდა და სანიაღვრე არხში ჩავარდა. ავტომანქანას 29 წლის მამაკაცი მართავდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
23 იანვარი - ფოთის გასასვლელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, ,,მერსედესის" მარკის ავტომანქანა ბოძს შეეჯახა. საჭეს 19 წლის მამაკაცი მართავდა, რომელიც შემთხვევის ადგილზე დაიღუპა
24 იანვარი - თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავტომობილი შუახნის მამაკაცს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაეჯახა.
25 იანვარი - რუსთაველის გამზირზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. გარდაცვლილია ახალგაზრდა გოგონა, რომელიც შემთხვევის დროს ტაქსით გადაადგილდებოდა.
სოფო ბერიძე - 25 წლის გოგონა, რომელიც თავისუფლების მოედანზე მომხდარ ავარიას ემსხვერპლა
რუსთაველზე მომხდარ ავარიაში ბრალდებული მძღოლი დაკავებულია
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 24 იანვარს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, 1993 წელს დაბადებული გიორგი ჯ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიების ფარგლებში დანიშნული ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნების საფუძველზე დადგინდა, რომ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც გიორგი ჯ. მართავდა, საპირისპირო ზოლში გადავიდა და შემხვედრი მიმართულებით მოძრავ „ოპელისა“ და „მერსედესის“ მარკის ავტომანქანებს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა „ოპელის“ მგზავრი სოფო ბ. და დაშავდა ოთხი ადამიანი. საპატრულო პოლიციამ გიორგი ჯ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.
„სიკვდილის დიაგრამა“ საქართველოს გზებზე 2010-2016 წწ
წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ავარიები, რომლებმაც შეძრა საქართველო
5 ძირითადი მიზეზი, რის გამოც ავარიები ხდება (შსს-ს მონაცემები)
სიჩქარის გადაჭარბება
ნასვამ მდგომარეობაში საჭის მართვა
მანევრირების წესის დარღვევა
საგზაო ნიშნების უგულებელყოფა
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა
რობერტ იანტბელიძე
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ექსპერტი:
მნიშვნელოვანია, რომ ავარიათა უმეტესი ნაწილი სიჩქარის გადამეტებით ხდება, ხოლო შემდეგი პრობლემა არაფხიზელი მდგომარეობაა, ეს კი შეგნებულად ჩადენილი დანაშაულია და ჩემი აზრით, ამ დანაშაულზე სანქცია უნდა გამკაცრდეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საგზაო ნიშნები არასწორადაა გზებზე განთავსებული. ხოლო ამ საგზაო ნიშნებთან ვიდეოთვალია დაყენებული და როცა ჩვენ ვარღვევთ წესს, ვიდეო თვალი გვაფიქსირებს და ჯარიმაც გვეწერება
ეკა ლალიაშვილი
საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის:
ჩვენთან მგზავრების უსაფრთხოება კანონით დაუცველია. კანონში წერია, რომ უკანა სავარძელზე არასრულწლოვანს შეუძლია 3 წლამდე ბავშვი კალთაში ჩაიჯინოს, ხოლო უბედური შემთხვევის დროს ორივე ბავშვი სასიკვდილოდ განწირულია. ბავშვი თავისი ზომისა და წონის მიხედვით აუცილებლად უნდა იჯდეს სავარძელში. ვიცით, რომ ავტოპარკი არის მოძველებული და ამ ძველ მანქანებში ღვედების გარეშე ბავშვებს აშკარა საფრთხე ემუქრებათ. 2015 წელს 28 ბავშვი დაიღუპა, ვერ გეტყვით, რომელი იყო მგზავრი და რომელი ქვეითი, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ქვეითთა უფლებებიც არ არის დაცული.
თინათინ რევაზაშვილი - ავარიის შემდეგ, რადიკალურად შეცვლილი ცხოვრება
ეკა ლალიაშვილი
საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის:
600 ადამიანი წლის განმავლობაში ავტო ავარიის შედეგად იღუპება, მსგავსი მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა არც გაზის გაჟონვით და არც სხვა არაბუნებრივი სიკვდილის დაფიქსირებისას.
დავით მესხიშვილი
ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი:
მთვრალი პირი საჭესთან, ან ადამიანი, რომლიც 200 კმ/სთ-ით გადადგილდება, არ არის მძღოლი, ის არის ჩამოყალიბებული მკვლელი და ზუსტად ისეთივე საშიშია, როგორც შეიარაღებული პირი, რომელიც კლავს ადამიანებს. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ ის კი არ უნდა თქვას, რომ მე რა ვქნა, წესებს თქვენ არღვევთო, სახელმწიფომ უნდა დაიცვას კანონმორჩილი მოქალაქეები ასეთი ტიპის აგრესორებისგან. ვინც საგზაო მოძრაობის წესებს იცავს, იმ ადამიანებმა რა დააშავეს?! იმ ადამიანებს თავს ესხმის დღეს შეიარაღებულ პირებზე უფრო საშიში ადამიანი, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს შეიძლება ერთი კი არა ორი, სამი, ოთხი, ხუთი და მეტი ადამიანი გარდაიცვალოს. ამიტომ ამას ჯერ სახელი უნდა დავარქვათ
ავტომობილით მტკვარში გადავარდნილი ცოლ-ქმარი
პროექტზე მუშაობდნენ: მარიამ ლორთქიფანიძე, ეკა მელიქიძე, ეკა გადახაბაძე
ნინო ხოზრევანიძე, გიგა დანელია, გიო კუსიანი
პროექტის მენეჯერები: ეთო ფურცხვანიძე, გიორგი გიორგაშვილი
ტექნიკური ჯგუფი: გიორგი ბაწაშვილი, ვალერი ლუაშვილი