loader

ელენე ხოშტარია - სასწრაფოდ დააბრუნეთ ჯებირები, ადამიანების კუთვნილი სცენა, ჟურნალისტების კუთვნილი სცენა წაიღეს აქედან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ელენე ხოშტარია - სასწრაფოდ დააბრუნეთ ჯებირები, ადამიანების კუთვნილი სცენა, ჟურნალისტების კუთვნილი სცენა წაიღეს აქედან

მერიამ,რომლის ხელმძღვანელიც გუშინ ფარისევლურად ამბობდა, რომ იზიარებდა სულისკვეთებას საპროტესტო აქციის, დღეს დილით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოიპარა ორგანიზატორების კუთვნილი სცენა და წაიღო ჯებირები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ხოშტარია მერიას მოუწოდებს, დროულად დააბრუნოს სცენა და ჯებირები პარლამენტის მიმდინარე ტერიტორიაზე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობის პროტესტი გაძლიერდება.

„მშვიდობიანი და მრავალრიცხოვანი აქციებით შეშინებული ხელისუფლება გადავიდა ხელის შეშლის სტრატეგიაზე, რადგან ისინი მიხვდნენ, რომ ვერ ჩაახშობენ ამ მშვიდობიან პროტესტს. მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, რომ მერიამ,რომლის ხელმძღვანელიც გუშინ ფარისევლურად ამბობდა, რომ იზიარებდა სულისკვეთებას საპროტესტო აქციის, დღეს დილით პარლამენტის ტერიტორიიდან მოიპარა ორგანიზატორების კუთვნილი სცენა და წაიღო ჯებირები. მინდა, ვუთხრა მერიას და მოვთხოვო, სასწრაფოდ დააბრუნეთ ჯებირებიც და სცენაც. ასეთი წვრილმანი ხელისშეშლის მეთოდებით ვერაფერს მიაღწევთ და მიიღებთ უფრო დიდ პროტესტს. ეს არის უბრალოდ სასაცილო, ნაცვლად გადაწყვეტილებებისა, ამას უპირისპირებთ მრავალრიცხოვან პროტესტს.

ერთ რამეს მინდა გავუსვა კიდევ ხაზი. ეს ჯებირები, რომლის მოტანის ვალდებულებაც აქვს მერიას, არ აწყობთ, რადგან ისინი აგზავნიან პროვოკატორებს სცენასთან ახლოს რომ აურიონ სიტუაცია. ჩვენ გუშინ გამოვავლინეთ არაერთი პროვოკატორი სახელი და გვარით. რუსთავის, რაჭის, თბილისის „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, ჩხუბობდნენ იმისთვის, რომ სცენასთან ახლოს მისულიყვნენ. რადგან ისინი ვერ მივიდნენ და ადამიანებმა მშვიდობიანად გაიყვანეს ისინი, დღეს კომფორტი შეუქმნეს როგორც ჩანს პროვოკატორებს და ჰგონიათ, რომ ჯებირების გარეშე რაღაცა გამოუვათ. პირდაპირ გეუბნებით, არაფერი გამოგივათ, გარდა იმისა, რომ დააკმაყოფილოთ ხალხის მოთხოვნები: გადადგეს გახარია და დაიწყოთ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა. სასწრაფოდ დააბრუნეთ ჯებირები, ადამიანების კუთვნილი სცენა, ჟურნალისტების კუთვნილი სცენა წაიღეს აქედან. გონს მოეგეთ, თორემ მიიღებთ კიდევ უფრო მტკიცე პროტესტს და კიდევ უფრო სწრაფად მოგიწევთ მოთხოვნების შესრულება“,-აცხადებს ელენე ხოშტარია.

მისივე თქმით, მათ არ ეშინიათ პროვოკატორების, რადგან ხალხი არის სრულად მობილიზებული, რომ მათ პროვოკაციის საშუალება არ ჰქონდეთ.