loader

ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი განცხადებას ავრცელებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი განცხადებას ავრცელებენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით პოლიტიკური დიალოგის მონაწილეები: ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი, განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შემაშფოთებელია, რომ „ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო“, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ. ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნის ნებისმიერ დიალოგს, რომელიც სხვადასხვა შიდაპოლიტიკური საკითხის გარშემო მომავალში შეიძლება გაიმართოს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს გავრცელდა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ მოსამართლეების არჩევა 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას ეწინააღმდეგებოდა.

გვსურს, გამოვხატოთ ღრმა პატივისცემა სახელმწიფო მდივნის მიმართ და პარტიის პოლიტიკურ გუნდთან შეთანხმებით, კიდევ ერთხელ განვმარტოთ საპარლამენტო უმრავლესობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველი.

როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ამა წლის მარტში წარმოებდა აქტიური მოლაპარაკებები 19 აპრილის შეთანხმების შინაარსის გარშემო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული პუნქტები ჩვენ - ირაკლი კობახიძემ, არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა უშუალოდ შევათანხმეთ საერთაშორისო პარტნიორებთან. კერძოდ, შეთანხმების თანახმად, უნდა „დაპაუზებულიყო“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის მიმდინარე პროცესი, უნდა გადასინჯულიყო შერჩევის პროცედურა ვენეციის კომისიის საკვანძო რეკომენდაციების შესაბამისად, შეცვლილი კანონის საფუძველზე დამატებით კანდიდატებს უნდა მისცემოდათ განაცხადების შეტანის შესაძლებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაგრძელებულიყო კანდიდატების შერჩევის პროცესი.

მოლაპარაკებების წარმოებისას, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ზემოაღნიშნული შეთანხმების მიხედვით მოქმედების შემთხვევაში, აზრი აღარ დაეკარგებოდა მოსამართლეთა შერჩევის მიმდინარე პროცესს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ შემადგენლობას პროცედურის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობა მიეცემოდა!

აღნიშნული ზეპირი შეთანხმება ზედმიწევნით აისახა კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს გამოქვეყნებულ პოლიტიკური შეთანხმების პირველად პროექტში, რომლის შესაბამისად მოქმედება „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კიდევ დოკუმენტის ხელმოწერამდე, მარტში დაიწყო და საქართველოს პარლამენტს შესაბამისი კანონპროექტი ინიციატივის წესით 24 მარტს წარუდგინა.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტს, როდესაც კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა და პოლიტიკური შეთანხმების პირვანდელი პროექტი გამოაქვეყნა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გააკეთა საჯარო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებთან და სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ყოველგვარი პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერის გარეშეც განახორციელებდა.

სწორედ ამ დაპირებისა და კრისტიან დანიელსონის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობამ ბოლომდე მიიყვანა დაწყებული პროცესი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები აპრილში სამი მოსმენით მიიღო.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით ასახავს ვენეციის კომისიის ყველა საკვანძო რეკომენდაციას: დაინერგა კენჭისყრის სრული ღიაობა და საჯაროობა; შემოღებულ იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების ქულების შესაბამისად მიღების წესი; შემოღებულ იქნა საბჭოს გადაწყვეტილებების ოთხმაგი გასაჩივრების წესი.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი გაიგზავნა ვენეციის კომისიაში, რომელსაც არცერთ ზემოაღნიშნულ პუნქტთან დაკავშირებით არავითარი შენიშვნა არ წარმოუდგენია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტს პოლიტიკური შეთანხმების პროექტით გათვალისწინებული ყველა პირობა 19 აპრილამდე უკვე შესრულებული ჰქონდა, 31 მარტს გამოქვეყნებული ტექსტი 19 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებაში უცვლელი სახით დარჩა. ამ და სხვა მსგავსი გარემოებების თაობაზე „ქართულმა ოცნებამ“ საქმის კურსში ჩააყენა საერთაშორისო პარტნიორები, რომელთაგან მივიღეთ თხოვნა, 19 აპრილის შეთანხმებაზე დამატებითი ცვლილებების გარეშე მოგვეწერა ხელი, რათა დაზუსტებებს დამატებითი პოლიტიკური გართულებები არ გამოეწვია, დოკუმენტში არსებული უზუსტობები კი აღსრულების პროცესში დაგვეზუსტებინა. ჩვენ პარტნიორების აღნიშნულ თხოვნას ანგარიში გავუწიეთ. სწორედ ამ ზეპირი შეთანხმების შედეგი იყო, მაგალითად, რომ ოთხთვიანი ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმი საარჩევნო კოდექსში ოთხკვირიანი მექანიზმით შეიცვალა.

ამრიგად, ზედმიწევნით შესრულდა პოლიტიკური შეთანხმების ყველა პირობა: ხელისუფლებამ „თავი შეიკავა“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ძველი წესების შესაბამისად განწესებისგან; საერთაშორისო პარტნიორებთან შეჯერებული რეკომენდაციის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ „დააპაუზა“ გასაუბრების პროცესი; პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ზედმიწევნით ასახავს ვენეციის კომისიის სამივე საკვანძო რეკომენდაციას; ახალმა კანონმა დამატებით კანდიდატებსაც მისცა განაცხადების შეტანისა და შერჩევის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა.

შესაბამისად, პროცედურები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად წარიმართა.

აღნიშნული გარემოება საქართველოს პარლამენტს აკისრებდა ვალდებულებას, ემოქმედა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და აერჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები.

აქვე შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზედმიწევნით გაითვალისწინა ვენეციის კომისიის 2019 წლის რეკომენდაცია, რომლის თანახმად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ერთი ნახევარი მეცხრე, ხოლო მეორე ნახევარი - მეათე მოწვევის პარლამენტის მიერ უნდა არჩეულიყო. მანამდე, გატარდა ე.წ. პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ტალღის რეფორმები, რომლებმაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან დადებითი შეფასება დაიმსახურა. გატარდა საკონსტიტუციო რეფორმა და ჩამოყალიბდა სასამართლო ხელისუფლების თავის ახალი რედაქცია, რომელმაც ვენეციის კომისიისგან ასევე მაღალი შეფასება მიიღო.

ამ ფონზე, შემაშფოთებელია, რომ ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ. ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნის ნებისმიერ დიალოგს, რომელიც სხვადასხვა შიდაპოლიტიკური საკითხის გარშემო მომავალში შეიძლება გაიმართოს.

პოლიტიკური მოლაპარაკებების მსვლელობისას, მოლაპარაკებების შინაარსის შესახებ მუდმივად ვაწვდიდით დეტალურ ინფორმაციას სამთავრობო გუნდსა და საპარლამენტო უმრავლესობას. შესაბამისად, გუნდის თითოეული წევრი ზედმიწევნით იყო ინფორმირებული დოკუმენტის დეტალების შესახებ და მათ სწორედ ამ დეტალების გათვალისწინებით მიიღეს გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებასთან შეერთების შესახებ. შესაბამისად, გუნდის თითოეული წევრისთვის გასაკვირი და შემაშფოთებელია განცხადებები და შეფასებები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ვრცელდება.

„ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან თვისებრივად გარდაქმნა სასამართლო სისტემა. სისტემა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მთავარი რგოლი იყო, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ადამიანების დევნაში, ბიზნესის რეკეტსა და უამრავ სხვა სისტემურ დანაშაულში, დღეს დგას სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სამსახურში. აღნიშნული ფუნდამენტური პროგრესი გამოხატულია როგორც სტატისტიკური მონაცემებით, ისე მაღალრეპუტაციული საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგებით. თუმცა, გვესმის, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა მუდმივ განმტკიცებას მოითხოვს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გამოვხატეთ მზაობა სასამართლო რეფორმის გაგრძელებასთან დაკავშირებით და ამ ამოცანას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განვახორციელებთ. სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის შემდგომი განმტკიცება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ამოცანაა. შეგახსენებთ, რომ აქედან გამომდინარე, სასამართლო რეფორმის გაგრძელება არის არა მხოლოდ 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების, არამედ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის შემადგენელი ნაწილიც.

მზად ვართ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ნებისმიერ ფორმატში დეტალურად განვიხილოთ პოლიტიკური შეთანხმების შინაარსი და მისი შესრულების მდგომარება, რაც საბოლოოდ ნათელს მოფენს სიმართლეს.

დასასრულს, მადლობას ვუხდით ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამერიკელ ხალხს, სახელმწიფო დეპარტამენტს და პირადად ენტონი ბლინკენს საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ძლიერი და მრავალმხრივი მხარდაჭერისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.