loader

ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ეს უდიდესი საუნჯეა, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ - ილია მეორე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ეს უდიდესი საუნჯეა, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ - ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის მნიშვნელობაზე იქადაგა. როგორც უწმინდესმა საკვირაო წირვის დასრულების შემდგომ ბრძანა, ეს არის უდიდესი საუნჯე, რომელსაც ადამიანები უნდა გაუფრთხილდნენ. "გზა ღვთისკენ არ არის იოლი. ეს არის ვიწრო გზა, მრავალი განსაცდელით. მაგრამ ის ადამიანმა ბოლომდე უნდა განვლოს. ხოლო როცა ეცემა, უნდა სთხოვოს ღმერთს – დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო. სარწმუნოება არის უდიდესი ძალა ადამიანისთვის", - აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, სარწმუნოებაში ყველა განსხვავებული გზით მივიდა, ზოგი განსაცდელით, ზოგი კი იმის მიხედვით, რომ მორწმუნე ოჯახში აღიზარდა. უწმინდესის განცხადებით, ქვეყანაზე ყველაფერი უფლის ნებით ხდება და ძალიან რთული საკითხია, თუ როგორ მიდიან ადამიანები ღმერთთან და როგორ მიდის უფალი ადამიანებთან. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ყველაფერში არის კვალი უფლისა, მათ შორის ნებისმიერ მცენარეშიც.

მეორე უდიდესი საუნჯე, უწმინდესის თქმით, სამშობლოა. "სამშობლო უდიდესი ძალაა. ვინც მოწყვეტილია სამშობლოს, სუსტია, ეცემა, მას მტერი თრგუნავს. სამშობლო არის ჩვენი ფესვები. როგორც მცენარე საზრდოობს ფესვებით, ისე ჩვენ ვსაზრდოობთ წინაპრების დახმარებით, რადგან არსებობს სულთა კავშირი. ამიტომ სამშობლო დიდი საიდუმლოებით მოცულია", - ბრძანა პატრიარქმა.

მესამე უდიდეს საუნჯედ კი ილია მეორემ ადამიანი დაასახელა. როგორც მან აღნიშნა, ადამიანი ერთხელ მოდის დედამიწაზე, არის ხატება ღვთისა. უნდა მიაღწიოს მსგავსებას ღვთისას და უნდა იყოს მკვიდრი სასუფევლისა. სასუფევლის დამკვიდრებისთვის კი, პატრიარქის თქმით, ადამიანს სჭირდება რწმენა და კეთილი საქმეების კეთება.

"დაიმახსოვრეთ, - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, ეს უდიდესი საუნჯეა, რომელსაც ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ. გეძლევათ კურთხევა, რომ ღრმად ჩაწვდეთ ამ საკითხებს და ამის შესახებ დაწეროთ რვეულებში, ხოლო ის რვეულები მე გადმომცეთ", - ბრძანა უწმინდესმა. პატრიარქის თქმით, საუკეთესო ნაშრომს სასულიერო პირები ტელევიზიებითა და რადიოებით ეთერში წაიკითხავენ.

ასევე, პატრიარქმა დალოცა გვარები: ბაკურაძეები, გზირიშვილები, ელოშვილები, კურტანიძეები, მახათაძეები, მურღულიები, მურჯიკნელები და ჭკუასელები.