loader

პროკურატურა შოთა ხიზანიშვილის და კუდ-ის მაღალჩინოსნების ბრალეულობის დეტალებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროკურატურა შოთა ხიზანიშვილის და კუდ-ის მაღალჩინოსნების ბრალეულობის დეტალებზე

მთავარი პროკურატურა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, შოთა ხიზანიშვილისა და კუდ-ის დაკავებული მაღალჩინოსნების ბრალეულობის დეტალებზე საუბრობს. როგორც მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესარიონ სურმავას სახელით youtube-ზე ატვირთული აუდიოჩანაწერები სინამდვილეში კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის მიერ ფარულად და არასანქცირებულად მოპოვებული მასალები იყო.

"კუდ-ის ხელმძღვანელობა ახორციელებდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელთა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და არასანქცირებულ მოსმენას. მსგავსი უკანონო შეღწევა სხვადასხვა დროს მოხდა ირაკლი ოქრუაშვილის პირად კომპიუტერში საქართველოს საზღვრებს გარეთ, ნინო ბურჯანაძის კომპიუტერში და ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნების" ოფისში განთავსებულ კომპიუტერებში. ამ გზით კუდ-ის თანამშრომლებს უკანონოდ მოპოვებული მრავალი საუბრის ჩანაწერი დაუგროვდათ. 2012 წლის 26 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა კვარაცხელიას დაუკავშირდა შს მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი და დაავალა, მოეძია სხვადასხვა სახის ფარული მასალა კოალიცია "ქართული ოცნებიდან", რომელთა გამოქვეყნებაც გამოიწვევდა ხალხის უნდობლობას კოალიციის ლიდერების მიმართ" - აღნიშნა კბილაშვილმა.

მისივე განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესარიონ სურმავას გამოყენებას წინ უსწრებდა კუდ-ის თანამშრომელთა კიდევ ერთი დანაშაულებრივი ქმედება - კერძოდ, კუდ-ის თანამშრომელთა მიერ უკანონოდ იქნა მოპოვებული ბესიკ სურმავას პირადი ცხოვრების ვიდეოჩანაწერი, რაც გამოიყენეს ამ უკანასკნელის მიერ შანტაჟის იარაღად და მასზე ზემოქმედების მოსახდენად.