loader

პროკურატურამ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტი გამოავლინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროკურატურამ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ ბრიფინგზე საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ განაცხადა. მისი თქმით, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში მხილებულნი არიან მაღალი თანამდებობის პირები.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2012 წლის 8 სექტემბერს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოს 11 ქალაქში ყრილობა გამართა. ქალაქ ზუგდიდში ხალხის ჩასაყვანად პარტიის გენერალურმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა შესაბამისი ხელშეკრულებებით დაიქირავა ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების კომპანიები, რომლებსაც პარტიის ანგარიშიდან გადაერიცხათ მხოლოდ მძღოლების შრომის საფასური 39 900 ლარი. რადგან მიკროავტობუსებისთვის საჭირო იყო დიდი რაოდენობის საწვავი, შემუშავდა პარტიული ღონისძიების "შავი არხით" დაფინანსების თვალთმაქცური სქემა. სქემაში ჩაება შინაგან საქმეთა სამინისტრო", - განაცხადა პაიჭაძემ.

მისივე თქმით, გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულთან ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ბიუჯეტიდან მიზნობრივად შესყიდული საწვავიდან შს მინისტრის იმჟამინდელი მოადგილის, ნიკოლოზ ძიმცეიშვილის და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის, ლევან ქარდავას ორგანიზებით, 54 000 ლიტრი დიზელის საწვავის ტალონები გადაეცა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს ალექსანდრე ქობალიას. პაიჭაძისვე ინფორმაციით, ქობალიამ შს სამინისტროსთვის განკუთვნილი, დანაშაულებრივად მოპოვებული საწვავის ტალონები გადაუნაწილა 393 მიკროავტობუსის მძღოლებს.

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ფაქტობრივი ხარჯების შენიღბვისა და ხელოვნურად შემცირების მიზნით გააყალბა ანგარიშების დოკუმენტები და მიუთითა, თითქოს აქციაში მხოლოდ 93 მიკროავტობუსი მონაწილეობდა. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას", - განაცხადა ხათუნა პაიჭაძემ.

პაიჭაძის თქმით, შესაბამისად, სათანადო მასალები გადაეგზავნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შემდგომი რეაგირებისთვის. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. მისი თქმით, საქმეში არის 100-ზე მეტი მოწმე, მათ შორის, ტრანსპორტის კომპანიის თანამშრომლები, მიკროავტობუსების მძღოლები და შსს-ს თანამშრომლები.