loader

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტები განსახილველად მზად თებერვლის დასაწყისისთვის იქნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტები განსახილველად მზად თებერვლის დასაწყისისთვის იქნება

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრების შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა, მათ უცხოელ ელჩებს აუხსნეს, თუ რატომ მიიღო უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების გადაწყვეტილება და რა პოლიტიკური მოსაზრებები უდევს მას საფუძვლად.

ამასთან, უსუფაშვილის ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებების ორივე პროექტი განსახილველად მზად თებერვლის დასაწყისისთვის იქნება. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ამ მიზნით მათ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან წინასწარი კონსულტაციები უკვე გამართეს.

ამასთან, მან საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების მიზეზი კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ მთავრობის დათხოვნა-დანიშვნასთან დაკავშირებული პროექტი მხოლოდ ერთადერთ რამეს ემსახურება – პრეზიდენტმა პარლამენტის, ანუ ხალხის გარეშე ვერ შექმნას ახალი მთავრობა.
"დანარჩენი უფლებამოსილებები პრეზიდენტს რჩება. ეს ცვლილება საჭიროა ქვეყნის სტაბილურობისთვის. სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ მას მხარდაჭერა ექნება როგორც საზოგადოების, ისე პარლამენტის მხრიდან", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

დიპლომატებთან გამართულ შეხვედრას, დავით უსუფაშვილის გარდა, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ესწრებოდნენ.