loader

დავით უსუფაშვილმა "ამნისტიის შესახებ" კანონს ხელი მოაწერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დავით უსუფაშვილმა "ამნისტიის შესახებ" კანონს ხელი მოაწერა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა "ამნისტიის შესახებ" კანონს ხელი მოაწერა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნული კანონისთვის ხელმოწერაზე უარი თქვა, რის გამოც კანონს პარლამენტის თამჯდომარემ მოაწერა ხელი.

"ამნისტიის შესახებ" კანონი დღეს, 12 იანვარს, 00:00 საათიდან შევა ძალაში. ამნისტია საერთო ჯამში 17 ათას პატიმარს შეეხება. ციხეებს პირველ რიგიში, ხვალ დილიდან პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე 190 პირი დატოვებს. საპყრობილეებს შემდეგი ორი თვის ვადაში 3 ათასზე მეტი მსჯავრდებული დატოვებს. დანარჩენებს სასჯელი შეუმსუბუქდებათ.

დეპუტატების ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძის და ზვიად კვაჭანტირაძის ავტორობით მომზადებული "ამნისტიის შესახებ" კანონი პარლამენტმა ხანგრძლივი დებატების შემდეგ, დეკემბრის ბოლოს მიიღო. პრეზიდენტმა მას მიღებისთანავე ვეტო დაადო და კანონმდებლებს საკუთარი შენიშვნებითურთ უკან დაუბრუნა. სააკაშვილმა მთავარი აქცენტი კანონის 22-ე და 24-ე მუხლებზე გააკეთა, რომელთა საფუძველზეც ამნისტია პარლამენტის დადგენილებით პოლიტიკურ პატიმრებად გამოცხადებულ პირებზე ვრცელდება. პრეზიდენტი კანონპროექტის იმ ნაწილზეც აპელირებს, რომელიც არასრულწლოვანთა სქესობრივი ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს ეხება.

პარლამენტმა რიგგარეშე სესიის ბოლო დღეს - 28 დეკემბერს, 91 მომხრით, 24-ის წინააღმდეგ პრეზიდენტის ვეტო დასძლია და კანონი ხელმოსაწერად პრეიზდენტს უკან დაუბრუნა, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს.

რაც შეეხება კანონის არსს, პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე საპატიმრო დაწესებულებებს ძირითადად ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირები დატოვებენ. გათავისუფლება ასევე ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაპატიმრებულ იმ პირებს ეხებათ, რომელთა ქმედებას ნარკოტიკების გასაღების კვალიფიკაცია არ გააჩნია. გარდა ამისა, "ამნისტიის შესახებ" კანონის საფუძველზე სასჯელი სხვადასხვა ფორმით თითქმის ყველა პატიმარს უმსუბუქდება, გარდა მუდმივ პატიმრობაში მყოფი პირებისა.