loader

უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას უსკო-ს დაკომპლექტებაზე არასამთავრობოები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას უსკო-ს დაკომპლექტებაზე არასამთავრობოები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უსკო-ს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" წარმომადგენლებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტმა ირინე ურუშაძემ განმარტა, კანონპროექტის მიზანი უსკო-ს არსებული შემადგენლობის გათავისუფლება იყო. მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მომდევნო არჩევნებამდე, უსკო აქტიური არ არის, აღნიშნული კანონის მიღება ნაკლებად საჩქარო იყო.

საია-ს აჭარის ბიუროს ხელმძღვანელი გია ქარცივაძე უმაღლესი საბჭოს მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას უფლების ბოროტად გამოყენებას უწოდებს. ქარცივაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს რეკომენდაციით მიმართავს, რომ არ მოაწეროს ხელი აღნიშნულ კანონპროექტს და უკან დაუბრუნოს უმაღლეს საბჭოს შენიშვნებით.

გუშინ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის(უსკო) დაკომპლექტების შესახებ კანონი მიიღო.

საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, უსკო-ს კომისია და თავმჯდომარე 6 წლის ვადით აირჩევა. ამასთან, უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრები - უვადოდ, ხოლო თავმჯდომარე მხოლოდ ერთი ვადით აირჩევა. კანონის მიღებით მოქმედ უსკო-ს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, რადგან კანონის გამოქვეყნებისთანავე აჭარის მთავრობამ კონკურსი ერთი კვირის ვადაში უნდა გამოაცხადოს.