loader

ადვოკატების ცნობით, გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში ახალი გარემოებაა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ადვოკატების ცნობით, გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში ახალი გარემოებაა

გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში ახალი გარემოება გამოჩნდა, რაც სასამართლო განაჩენის გადახედვის შესაძლებლობას იძლევა, - ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა და გურამ შარაძის ადვოკატებმა ირაკლი გაბრიჩიძემ და გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადეს.

ირაკლი გაბრიჩიძის განცხადებით, საქმეში ახალ გარემოებას წარმოადგენს სავარაუდო მოწმის ჩვენება, რომელიც #1 საპყრობილეში პატიმრობაში მყოფ გიორგი გათენაძეს ეკუთვნის. ადვოკატი აპირებს, მთავარ პროკურატურაში განაცხადი შეიტანოს, რომელსაც პატიმრის გამოკითხვის ოქმი დაერთვება.

გაბრიჩიძის თქმით, პატიმარი 2008 წლიდან ინვალიდია. 

მისივე თქმით, პატიმარ გათენაძეს ბარათელზე ზემოქმედების მოსახდენად მითითებებს ოლეგ მელნიკოვი და კიდევ ერთი პიროვნება აძლევდნენ. ადვოკატმა განმარტა, რომ გათენაძემ მელნიკოვი ტელეეთერით იცნო. მან ასევე ტელეკადრებში ამოიცნო მეორე პიროვნება, თუმცა მისთვის ამ პიროვნების სახელი და გვარი უცნობია.

ადვოკატი იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება ახალ კვალზე გავა, ობიექტური გამოძიება ჩატარდება და დადგინდება ნამდვილი მკვლელი. გაბრიჩიძე ასევე იმედოვნებს, რომ სიმართლის დასადგენად პატიმარ გათენაძისა და მელნიკოვის დაპირისპირება მოხდება.

პრესკონფერენციაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ ხელისუფლება უკვეთავდა მკვლელობებს, შემდეგ ამ მკვლელობების გადაბრალებას ცნობილ სახეებზე ცდილობდა. კერძოდ, ხატიაშვილის თქმით, ხელისუფლება ცდილობდა, გადაებრალებინა გოგა ხაინდრავასთვის, რომ თითქოს მკვლელობისთვის 500 ათას დოლარს გადაიხდიდა.

ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ გურამ შარაძის ბურუსით მოცული მკვლელობის შემკვეთი და შემსრულებელი საბრალდებო სკამზე უნდა დაჯდეს, რათა სამოქალაქო საზოგადოებას ამ მკვლელობაზე შეკითხვები აღარ დარჩეს.