loader

თავდაცვის სამინისტროში თანამდებობებზე დანიშვნა შერჩევის საბჭოს მეშვეობით მოხდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თავდაცვის სამინისტროში თანამდებობებზე დანიშვნა შერჩევის საბჭოს მეშვეობით მოხდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში თანამდებობებზე დანიშვნა შერჩევის საბჭოს მიერ კანდიდატის პირადი საქმის შესწავლის შემდეგ მოხდება. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია შერჩევის საბჭოს მუშაობის პრინციპს გაეცნო.

შიდაუწყებრივ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და მისი მოადგილეები, ასევე გაერთიანებული შტაბის დეპარტამენტების უფროსები დაესწრნენ. შერჩევის საბჭო თავდაცვის უწყებაში პერსონალური მენეჯმენტის კუთხით მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესია. ახალი სისტემური მიდგომა თანამდებობაზე დასანიშნი და საზღვარგარეთ სასწავლებლად გასაგზავნი კანდიდატურების მაქსიმალურად ობიექტურად შერჩევას ისახავს მიზნად. უწყების ინფორმაციით, ამ პრინციპით შერჩევისას თავიდან იქნება აცილებული არაკვალიფიცირებული კადრების თანამდებობაზე დანიშვნა ან მათი სასწავლებლად გაგზავნა. ასევე გამორიცხულია სუბიექტური ზეწოლა და პროტექციონიზმი. თავდაცვის უწყებაში თანამდებობაზე დანიშვნის ახალი სისტემური მიდგომა შეიარაღებულ ძალებში სამხედრო დემოკრატიის დანერგვისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. აღნიშნული პროცესი ნატო-ს წევრ ქვეყნებში უკვე დიდი ხანია, აპრობირებული მეთოდია.

შერჩევის საბჭოს პირველ სხდომაზე წევრებმა უკვე განიხილეს და გამოიყო ის კანდიდატები, რომლებიც საზღვარგარეთ სამხედრო სასწავლებლებში გაიგზავნებიან. კანდიდატების შერჩევა კოდირებული (პირობითი) ნომრებით მინიჭებული პირადი საქმეების შესწავლის საფუძველზე მოხდა.