loader

"შეწყვიტეთ ლგბტ პროპაგანდა" - საპროტესტო აქცია ჰოლანდიის საელჩოსთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შეწყვიტეთ ლგბტ პროპაგანდა" - საპროტესტო აქცია ჰოლანდიის საელჩოსთან

ახალგაზრდების ჯგუფმა ნიდერლანდების საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი აღშფოთებულები არიან იმ ფაქტით, რომ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდაქტიკური ტონით გამოეხმაურა 17 მაისს განვითარებულ მოვლენებს და საქართველოს ელჩი ჰოლანდიაში ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარა.

აქციის მონაწილეთა თქმით, არც ერთი ქვეყნის ხელისუფლებას არ აქვს უფლება, საქართველოში მიმდინარე პროცესებში აქტიური ჩარევა მოახდინოს, მით უმეტეს, ისეთი საკითხის გამო, როგორიც ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაა.

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ინგლისურენოვანი პლაკატები - "ღმერთს სძულს ჰომოსექსუალები", "შეწყვიტეთ ლგბტ პროპაგანდა", "ხელები შორს საქართველოდან". აქციის ორგანიზატორები იყვნენ: არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი" და "ევრაზიის ინსტიტუტი".

17 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანს ტიმერმანსმა. როგორც ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა აღნიშნული, მინისტრი შოკირებულია საქართველოში ჰომოსექსუალთა უფლებების დასაცავი დემონსტრაციის ძალადობრივი დარბევით, რომლის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.