loader

პანკისიდან სირიაში არასრულწლოვნების გადაყვანაში ბრალდებული დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პანკისიდან სირიაში არასრულწლოვნების გადაყვანაში ბრალდებული დააკავეს

შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სოფელ გომბორის მიმდებარე ტერიტორიაზე - 1979 წელს დაბადებული აიუფ ბორჩაშვილი, ხოლო თბილისში - 1993 წელს დაბადებული გიორგი კ, 1996 წელს დაბადებული გიორგი ხ. და 1991 წელს დაბადებული დავით ფ. ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისათვის გადაბირების, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აიუფ ბორჩაშვილი არის სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენელი საქართველოში. დადგინდა, რომ აიუფ ბორჩაშვილმა თანამზრახველების დახმარებით გადაიბირა პანკისის ხეობაში მცხოვრები, არასრულწლოვანი მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი. 2015 წლის 2 აპრილს აღნიშნული პირები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთის მიმართულებით, ქალაქ სტამბულში გაემგზავრნენ. თურქეთში მათ აიუფ ბორჩაშვილის თანამზრახველები დახვდნენ და მათი დახმარებით მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი სირიაში, "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გადავიდნენ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აიუფ ბორჩაშვილმა და მისმა თანამზარხველებმა მოახდინეს იდეოლოგიური ზემოქმედება საქართველოს სხვა მოქალაქეებზე, რომლებიც ვაჰაბიზმის მიმდევრები გახდნენ. სამართალდამცველებმა თბილისში გიორგი კ. დააკავეს, რომელსაც თურქეთის მიმართულებით ავიაბილეთები ჰქონდა შეძენილი და აიუფ ბორჩაშვილის დახმარებითა და ორგანიზებით სირიაში გადასასვლელად ემზადებოდა.