loader

რა სიახლეები იგეგმება მეტროში კომფორტული მგზავრობისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა სიახლეები იგეგმება მეტროში კომფორტული მგზავრობისთვის

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ პიკის საათებში, მეტროს მატარებლების მოძრაობას შორის ამჟამად არსებული 3,5-წუთიანი ინტერვალის 2,5 წუთამდე შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ახალმა დირექტორმა მამუკა კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მატარებლების მოძრაობას შორის ინტერვალის შემცირება პიკის საათებში მგზავრთა ნაკადის უკეთ მომსახურების მიზნით იგეგმება, რაც ვაგონების ახალი შემადგენლობის შემოყვანით, ასევე, ვაგონების შემადგენლობის მოდერნიზება–კაპიტალური შეკეთებით მოხდება.

„პიკის საათში მეტროს მატარებლების მოძრაობას შორის ინტერვალი ამჟამად დაახლოებით 3,5 წუთი გვაქვს. თუმცა ორი ახალი შემადგენლობის შეძენისა და კიდევ ორი ახალი შემადგენლობის მოდერნიზების შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს, პიკის საათებში მეტროში მატარებლებს შორის ინტერვალი 2,5 წთ-მდე შემცირდება“, – განაცხადა მამუკა კობახიძემ.

მისივე თქმით, ამ მიზნით მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, დაახლოებით 14 მლნ ლარია გათვალისწინებული. მატარებლების ახალი შემადგენლობის შემოყვანაზე ტენდერი გამოცხადდება.

კობახიძემ ასევე მეტროსადგურებში ჩასატარებელ სარემონტო სამუშოებზეც ისაუბრა.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“, ასევე თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, 10 მეტროსადგურისთვის სარემონტო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.
სარემონტო სამუშაოები „ვაგზლის მოედნის“ სამივე სადგურს, ასევე, „ისნის“, „რუსთაველის“, „თავისუფლების“, „მარჯანიშვილის“, „წერეთლის“, „სამედიცინოსა“ და „ნაძალადევის“ მეტროსადგურებს ჩაუტარდება. „რუსთაველის“, „თავისუფლებისა“ და „მარჯანიშვილის“ მეტროსადგურებს ძველი იერსახე შეუნარჩუნდება, თუმცა ტექნიკური უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ახალი ელემენტების შეტანას ვაპირებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ჯამში, მეტროსადგურების სარემონტო სამუშაოებისთვის 10 მლნ ლარამდეა გათვალისწინებული.