loader

მამაკაცმა პოლიციელს თავში ჩაქუჩი ჩაარტყა, რა დროსაც მან თავდაცვის მიზნით იარაღი გამოიყენა - დაკავებული პოლიციელის ადვოკატი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცმა პოლიციელს თავში ჩაქუჩი ჩაარტყა, რა დროსაც მან თავდაცვის მიზნით იარაღი გამოიყენა - დაკავებული პოლიციელის ადვოკატი

ფოთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული პოლიციელი თავს დამნაშავედ არ ცნობს, - ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პოლიციელი უკიდურესი აუცილებლობის შესაბამისად მოქმედებდა და მას კანონი ამის უფლებას აძლევს.

დაკავებული პოლიციელი ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს და სამართალდამცვლების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

დღეს გამთენიისას, ფოთში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, სასურსათო მაღაზიასთან სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობისას, მძარცველი გასროლის შედეგად დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობისას ადგილზე მისულ სამართალდამცველსა და მძარცველს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ქურდობის მცდელობაში ბრალდებული პოლიციელს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა, რა დროსაც პოლიციელის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განხორციელდა. შედეგად მძარცველი თავის არეში მძიმედ დაიჭრა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც გარდაიცვალა.

პროკურატურამ ფოთში მომხდარ ფაქტზე პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი ბრალდებულის სახით დააკავა. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი, 333-ე მუხლის 3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით. ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სსკ-ის 19-177 მუხლის 1-ელი ნაწილით აწარმოებს.

ავტორი: მაია ძაგანია