loader

"ეს მანიაკი საღამოს დახვდა ჩემს შვილს "პადიეზდთან"; თინი ამოვიდა სახლში გულამოვარდნილი, კრუნჩხვებში" - ვახო ჭუმბურიძე შემაშფოთებელ ამბავს ჰყვება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს მანიაკი საღამოს დახვდა ჩემს შვილს "პადიეზდთან"; თინი ამოვიდა სახლში გულამოვარდნილი, კრუნჩხვებში" - ვახო ჭუმბურიძე შემაშფოთებელ ამბავს ჰყვება

ვახო ჭუმბურიძეს, ალბათ, უკვე ბევრი იცნობს. ფართო საზოგადოებამ მას მერე გაიცნო, რაც მაკა ზამბახიძესთან იყო მეორე ქორწინებაში.

ვახოს ჰყავს ერთადერთი ქალიშვილი, ულამაზესი თინი, რომლის აღზრდაში მამა აქტიურადაა ჩართული და როგორც ამბობენ ხოლმე, მზე და მთვარე თინიზე ამოსდის. სამწუხაროდ, თინის ამჯერად სერიოზული პრობლემა შეუქმნეს. 15 წლის გოგოზე ზრდასრული კაცი ფსიქოლოგიურად ძალადობს, ემუქრება სიცოცხლის მოსპობით, თუ ცოლად არ გაჰყვება და ა.შ. მამა და ოჯახი საქმის კურსშია, მიჰყვებიან საქმეს ისე, როგორც პოლიცია კარნახობს, თუმცა, რატომ დადის თავისუფლად ქუჩაში მოძალადე ცინიკოსი, ეს ამოუხსნელი რჩება.
დეტალები იხილეთ ვახოს პოსტში:

„გამარჯობა,
მე ვარ ვახო - თინის მამა!
ცოტას მოგიყვებით ჩვენს შესახებ თქვენის ნებართვით.
თინის დაბადებას დავესწარი და ეს პატარა არსება რომ მანახეს, რომელიც არ ტიროდა და უბრალოდ თვალებს აცეცებდა, გული, სული შემეკრა და მას მერე სიგიჟემდე მიყვარს. მე პატარა ვიყავი, ისიც პატარა იყო და ერთად გავიზარდეთ. ახლა უკვე 15 წლის ქალიშვილი მყავს და მუდამ ვამაყობ მისით, რომელმაც დამოუკიდებლად გადაწყვიტა სამსახურის დაწყება და თითქმის ერთი წლის განმავლობაში მაკდონალდსში იმუშავა... რომელმაც იცის მეგობრის ფასი, რომელსაც ძალიან დიდი გული აქვს, კატა, რომელიც გვყავს - გადაარჩინა სიკვდილს და მოუარა (ახლა უკვე 3 წელია სახლშია და განებივრებულია). უფრო პატარა იყო, როდესაც გეგმავდა სოციალურ პროექტებს და ბავშვებს ეხმარებოდა და რაც მთავარია, ერთ-ერთი თავისი დაბადების დღე თავისი სურვილით გადაიხადა ბავშვთა სახლში (რადგან უნდოდა, რომ ბავშვები გაეხარებინა, რომლებიც მოკლებულნი იყვნენ მშობლების სითბოს)...
მოსაყოლი ბევრი მაქვს, მაგრამ მირჩევნია ძალიან არ მოგაბეზროთ თავი.

ახლა მთავარი:
6 ივნისს გავიგე, რომ ჩემს შვილს აწუხებდა ერთი სრულწლოვანი ტიპი, რომელსაც ჰყავდა ფსიქოლოგიურ წნეხში, რომელიც ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, თუ ცოლად არ გაჰყვებოდა... და ნუ კიდევ ბევრი რამ, რაც არ მინდა საჯაროდ გამოვიტანო (რადგან არ მინდა კიდევ ერთხელ მივაყენო ზიანი ისევ ჩემს შვილს, რომელსაც ნერვული სისტემა დაუზიანდა).
რა გავაკეთე მე, როდესაც ეს ამბავი გავიგე?
- დავუკავშირდი მის მშობელს და ვთხოვე შეხვედრა მასთან და მის ნაბიჭვარ შვილთან.
- დამთანხმდა.
- შემდეგ დამირეკა და მითხრა, რომ გაექცა და ვეღარ მოჰყავდა.
- კი ბატონო, მაშინ ავირჩევ გზას, რომ სამართლებრივად გავარკვიო საკითხები, რადგან მე ნაღდად არ მაქვს ლანჩხუთში ამის დევნის თავი და შესაბამისად მივმართავ პოლიციას-თქო.
- მეორე დღეს ვისაუბრეთ მისმა "ბიძამ" და მე, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ. ჩვენი საუბრიდან გამომდინარე, ამ ადამიანმა ბევრი ბოდიში მიხადა და თავის თავზე აიღო ეს საკითხი, რომ არასდროს ასეთი ამბავი აღარ განმეორდებოდა. ცოტა რთული დასაჯერებელი იყო, მაგრამ ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე ასე დავიშალეთ.

ჩვენი საუბრიდან არ იყო გასული 4 საათი, როდესაც ეს მანიაკი საღამოს დახვდა ჩემს შვილს სადარბაზოსთან ორ თამხლებ პირთან. როგორღაც მოახერხა თინიმ და ამოასწრო სახლში, გულამოვარდნილი, შეშინებული და კრუნჩხვებში.
- გამასწრო ამ ნაბიჭვარმა.
- რა გავაკეთე?
- მეგობრების რჩევით, რომლებიც მოგროვდნენ ამ შემთხვევიდან ძალიან მალე, გამოვიძახეთ პოლიცია და დავიწყეთ სამართლებრივი მოქმედება.
აი, აქ დაიწყო კინოს მთავარი განვითარება.
12 დღეა დავდივართ პოლიციის განყოფილებაში, ვაღამებთ, ვათენებთ, გვართმევენ ჩვენებებს, თინის დაუნიშნეს სამხარაულის ფსიქიატრიული ექსპერტიზა - ეგეც გავაკეთეთ, არის საშინელი ბიუროკრატია. ამ დროს რა ხდება? ეს ტიპი დადის გარეთ არხეინად. ხან მე დამიკომენტარებს რამეს - წაშლის, ხან სხვას მიახტება. თინის კიდევ მისწერა ამ პერიოდში.
შედეგი არის - 0

გადავინაცვლეთ პროკურატურაში. მე-11 დღეს პროკურორმაც, დაჭერას სავარაუდოდ ვერ შევძლებთო, მაგრამ აკრძალვას გავუკეთებთო, ამ შუამდგომლობით შევალთო.
ასე გაღიმებული გამოვედით და მეორე დღეს ისევ პოლიციაში დაგვიბარეს, რომ თინი, როგორც დაზარალებულად ეცნოთ.
პოლიციის შესასვლელთან დამხვდა ეს ტიპი, მოღიმარი ცინიკური სახით. წამის მეასედი დამაკლდა ალბათ, რომ იქვე ჩამედო მიწაში.
რა თქმა უნდა, ისევ გაიწელა აქ საქმე და სადღაც 3 საათი დავყავით განყოფილებაში. ეს ტიპი სხვა ოთახში ჰყავდათ, სანამ ჩვენს საქმეს ასრულებდნენ.

და რაც მთავარია, როდესაც გარეთ ვიდექით, ეს პიროვნება ფანჯრიდან ხან ტაშს გვიკრავდა, ხან გვიღიმოდა - მიზანმიმართული პროვოკაციას ასრულებდა.
ეს ტიპი დღეს დადის ქუჩაში ცინიკური სახით...

და მე რა გავაკეთე?
ისედაც დასტრესილი ბავშვი ვატარე 12 დღე განყოფილებაში ბებიასთან ერთად, რადგან მე მოწმის სტატუსი მქონდა და ბებია უნდა ყოფილიყო არასრულწლოვნის წარმომადგენელი.
კარგი, გასაგებია, სჭირდება გამოძიებას, ცოტაც გავუძლოთ, მამი, და ასე ვამშვიდებდი. და ბოლოს რა მოხდა? მე-12 დღეს ამ ტიპმა შემაცილა პოლიციის განყოფილებაში ღიმილით და ცინიზმით.

ჩემს ერთადერთ შვილს, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს, რომელიც ჩემი გაზრდილია, ამას რომ ერთი ღერი თმა ჩამოუვარდეს, ალბათ ყველა მიხვდება, მე რისი გამკეთებელი ვარ.
ამიტომ მე დარწმუნებული არ ვარ ამ ნაბიჭვრის საქციელში. შესაბამისად, რამე რომ მოხდეს და მერე ვინ დამიცავს?
გულის სიღრმეში ნამდვილად არ მქონდა სურვილი და არც არასოდეს არ მექნება, ვინმეს დაჭერის ან გამწარების, მაგრამ ეს ყველაფერი გუშინდელმა საქციელმა ჩამიკლა, როდესაც მის ავადმყოფურ გამომეტყველებას და ცინიკურ ღიმილს პირისპირ შევასკდი.

ამ საქმეს მე ასე ვერ დავტოვებ და არც ვიღაც ლანჩხუთელი მანიაკის შიშით ვერ ვაცხოვრებ ჩემს ოჯახს.
ან მოხდება ფაქტების სწორად დალაგება, ან ნუ მაშინ მოვითხოვ თქვენს დახმარებას, ვისაც როგორ შეგიძლიათ და ვისაც კონკრეტულად ასეთი ტიპის საქმეზე გიმუშავიათ.
(ფსიქოლოგი, ადვოკატი)
P.S.: რაც შეეხება პოლიციას და გამომძიებლებს, ვერ დავმალავ, რამდენად გულთან ახლოს მიიღეს ეს საკითხი და ნამდვილად წუხდნენ გამოძიების მიმდინარეობის დროს - მადლობა ამისთვის.
შინაგან საქმეთა სამინისტრო,
საქართველოს პროკურატურა,
თუ თქვენ ვერ დამიცავთ - მომიწევს ჩემით თავის დაცვა და ეს სტატუსიც ბარემ აქ იყოს - წინასწარ საქმის კურსში გაყენებთ.“