loader

პოლიციელმა 20 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა - ქუჩაში გამოსული ათასობით ადამიანი და დაპირისპირება მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის (აშშ) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიციელმა 20 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა - ქუჩაში გამოსული ათასობით ადამიანი და დაპირისპირება მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის (აშშ)

გვიან ღამით მინესოტას შტატის ქალაქ ბრუკლინის ცენტრში სიტუაცია კრიტიკული გახლდათ. ქუჩაში გამოსული ასობით ადამიანი პოლიციელის მიერ ახალგაზრდა ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობას აპროტესტებდა. მოგვიანებით, აქცია სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, მანათობელი ყუმბარები გამოიყენა.
თავდაპირველად პროსტესტს მშვიდობიანი სახე ჰქონდა - მომიტინგეები ტროტუარზე წარწერებს აკეთებდნენ, სანთლებს ანთებდნენ, მღეროდნენ; ზოგიერთი მათგანი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მოსაღამოებისას კი პოლიციამ მათ დაშლისაკენ მოუწოდა, რასაც შეკრებილები არ დაემორჩილნენ და სიტუაცია გამწვავდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქში მოროდიორობის ფაქტები დაფიქსირდა. პოლიციელთა განცხადებით, მომიტინგეები აგრესიულები იყვნენ. მათ ბოთლებსა და სხვა სახის ნივთებს ესროდნენ. ქალაქის მერმა მიმდინარე პროცესების საპასუხოდ ღამის „კომენდანტის საათი“ დააწესა. ამ დროისთვის დახურულია ქალაქში არსებული ყველა სასწავლებელი.

როგორც აღვნიშნეთ, მწვავე პროტესტი 20 წლის დონთი რაითის გარდაცვალებას მოჰყვა. სამართალდამცველთა განცხადებით, ბიჭი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ავტომობილიდან გადმოიყვანეს, დაკავების ორდერის შესაბამისად, მისი დაპატიმრება სცადეს, რაზეც უარი განაცხადა და მანქანაში დაბრუნება განიზრახა, რის შემდეგაც პოლიციელმა რაითს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

მინესოტას შტატისთვის პოლიციელის მიერ ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობა პირველი არ არის. ჯერ კიდევ მიმდინარეობს ჯორჯ ფლოიდის რეზონანსული საქმის სასამართლო პროცესი. გასული წლის 25 მაისის საღამოს მამაკაცი დაკავებისას გარდაიცვალა. მას სამართალდამცველი ფეხით კისერზე რამდენიმე წუთის განმავლობაში აწვებოდა. ფლოიდს სუნთქვა გაუჭირდა და საბოლოოდ, ჰაერის უკმარისობით გარდაიცვალა. ამ ამბის გაჟღერების შემდეგ საპროტესტო აქციებმა მთელი ამერიკა მოიცვა. მოკლულის სოლიდარობისა და სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით დაწყებული აქციები რასიზმისა და ჩაგვრის წინააღმდეგ მიმართულ სოციალურ წინააღმდეგობად იქცა.

ავტორი: ნინი გოგიშვილი