loader

"განცხადების ქვეშ კომენტარებს ნუ შლიან" - რას პასუხობს ლაშა ბაქრაძე კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"განცხადების ქვეშ კომენტარებს ნუ შლიან" - რას პასუხობს ლაშა ბაქრაძე კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას?

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე კულტურის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ქალბატონებო და ბატონებო, დიდი მადლობა სოლიდარობისთვის, ყურადღებისა და ინტერესისთვის. დღეს, მოგვიანებით, მოგახსენებთ ჩემს პასუხს სამინისტროს განცხადებაზე. ჟურნალისტებსაც ვთხოვ, ცოტა ხანი მაცალონ.

მანამდე კი სამინისტროს ვურჩევდი, რადგან "სამართლიანად აღშფოთებულ მოქალაქეთა" აზრი აინტერესებთ - განცხადების ქვეშ კომენტარებს ნუ შლიან, მოქალაქეები არიან აღშფოთებულნი ასეთი საქციელით. რადგან სამინისტრომ საჯარო გახადა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე კი საზოგადოების შეწუხება არ მინდოდა - მოგახსენებთ, რომ კოვიდის მიუხედავად, თავს კარგად ვგრძნობ და ახლა განმეორებითი პსრ-ტესტი უნდა გავიკეთო", - წერს ლაშა ბაქრაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელიც ეხება გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემულ ელენე ბაქრაძის წიგნს, სადაც ავტორის კუთვნილებად გამოცხადებულია ანა კალანდაძის ორი ლექსი.

„2021 წლის 31 დეკემბრიდან სამინისტროს მომართა არაერთმა სამართლიანად აღშფოთებულმა მოქალაქემ, მათ შორის, ღია წერილითაც.

ფაქტი საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია: გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნი, სადაც ხსენებული ავტორის კუთვნილებად გამოცხადებულია ანა კალანდაძის ორი ლექსი.

ეს სამწუხარო ფაქტი, კულტურის სამინისტროს მიერ შესწავლის შედეგად, ახლა უკვე უდავოდ დადასტურებულია და, ბუნებრივია, რომ მის გამომჟღავნებას საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან საქმე გვაქვს ქართული ლიტერატურის კლასიკოსთან, სიცოცხლეშივე პოეზიის დედოფლად აღიარებულ შემოქმედთან, ვისი ორი ლექსიც სხვა ავტორს მიაკუთვნეს. ისიც არ არის შემთხვევითი, რომ აუცილებელ რეაგირებას ლიტერატურის მუზეუმის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი უწყებისგან, კულტურის სამინისტროსგან მოითხოვენ.

წიგნის შემდგენელია ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე, რედაქტორი - დირექტორის მოადგილე თეა თვალავაძე. რედაქტორი გულწრფელად განიცდის აღნიშნულ შეცდომას, რასაც მისი ავად გახდომაც კი მოჰყვა.

სამინისტრო პატივს მიაგებს თეა თვალავაძის მუზეუმში მრავალწლიან კეთილსინდისიერ საქმიანობას და მას მომავალშიც მხნეობას უსურვებს.

რაც შეეხება წიგნის შემდგენელსა და, იმავდროულად, მუზეუმის ხელმძღვანელს, ის კოვიდით არის ავად. უახლოეს პერიოდში, სამინისტრო მასთანაც გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას. აუცილებელია, გაირკვეს, რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა ისეთ სოლიდურ დაწესებულებაში, როგორიც ლიტერატურის მუზეუმია.

სამინისტროსთვის, ასევე, პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმის პრევენციას, რომ სისტემის შიგნით მსგავსი სამწუხარო ფაქტების ალბათობა მაქსიმალურად გამოირიცხოს.

საზოგადოებას აქვე ვაცნობებთ, რომ სამინისტრომ უკვე მოითხოვა მუზეუმისაგან, რომ შეწყდეს აღნიშნული გამოცემის გავრცელება და მუზეუმმა მიმართოს შესაბამის ზომებს, მესამე პირებზე გადაცემული ეგზემპლარების დასაბრუნებლად.

კულტურის სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ პირს, ვინც წიგნში არსებული შეცდომის შესახებ მას დროულად შეატყობინა”, - ნათქვამია განცხადებაში.