loader

რა ფუნქცია დაეკისრება ქვეით პატრულს, რომელმაც თბილისის ქუჩებში დღეს დაიწყო მუშაობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ფუნქცია დაეკისრება ქვეით პატრულს, რომელმაც თბილისის ქუჩებში დღეს დაიწყო მუშაობა

დღეიდან თბილისში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვეითი პატრულის კორპუსი ამოქმედდა.
ამ ეტაპზე, პატრულის თანამშრომლები ქვეითად განახორციელებენ პატრულირებას დედაქალაქის იმ უბნებსა და ქუჩებში, სადაც გასართობი ინფრასტრუქტურაა განთავსებული.

საპატრულო პოლიციის ახალი დანაყოფის ძირითადი ამოცანა აღნიშნულ ლოკაციებზე ქვეყნის სტუმრებისა და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მათთვის შესაბამისი საპოლიციო სერვისების მიწოდებაა.

როგორც შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქვეით პატრულს გააჩნია თანამედროვე საპოლიციო აღჭურვილობა, მათ შორის, უახლესი თაობის სამხრე ვიდეოკამერები. ქვეითი პატრულ-ინსპექტორები დღე-ღამის ყველაზე აქტიურ მონაკვეთში, წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიებზე განახორციელებენ პატრულირებას, კერძოდ: შარდენის, ბამბის რიგის, კოტე აფხაზის, ტაბიძის, ვერცხლის ქუჩებზე, ასევე, ევროპის, ვახტანგ გორგასლის, საარბრიუკენის მოედნებზე, დავით აღმაშენებლის გამზირსა და აბანოთუბნის ტერიტორიაზე.

პირველ ეტაპზე, პატრულირებას ქვეით პატრულთა 10 ჯგუფი განახორციელებს. ქვეით პატრულ-ინსპექტორთა ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ტურისტთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, მათთვის საქართველოში მოქმედი კანონების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ასევე, მათი გადამისამართება მომსახურების სპეციალურ ცენტრებთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ზაფხულის სეზონის გააქტიურების შესაბამისად, ქვეით პატრულ-ინსპექტორთა რაოდენობის გაზრდას გეგმავს.