loader

ვინ არის ცეზარ ჩოჩელი - წარმატებული ბიზნესის ისტორია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ცეზარ ჩოჩელი - წარმატებული ბიზნესის ისტორია

"უკვე 23 წელია, ძალიან მძიმე გზას გავდივართ. ერთი და იგივე წნეხის ქვეშ ვართ, არაფერი შეცვლილა 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ბიზნესთან და წარმოებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ მაინც ამ გზით მივდივართ და ამ გზას გავაგრძელებთ" - ცეზარ ჩოჩელის ბიზნესის ისტორია 1991 წლიდან იწყება, მაშინ, როცა ქვეყანა სამოქალაქო ომის პირას იმყოფებოდა. უნივერსიტეტის 23 წლის კურსდამთავრებული ბიზნესში პირველ ნაბიჯებს დგამს და მცირე საწარმო "ლომისს" აფუძნებს.

"ლომისიდან" "ნატახტარამდე", "ბარამბომდე", "ბერტამდე", "ზედაზენამდე"...

არც ერთი ხელისუფლების დროს ჩოჩელის ბიზნესჯგუფს ხელს არ უწყობდნენ. პირველად სახელმწიფო მანქანა მათი ბიზნესის წინააღმდეგ 1999 წელს ამოქმედდა.

პრობლემების მიუხედავად, ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, 2003 წლის ბოლოს, თანამედროვე ტექნოლოგიებით ლუდის მწარმოებელი ლუდსახარში "ნატახტარის" მშენებლობა დაიწყო. ორ წელიწადში ლუდსახარშმა "ნატახტარმა" ქართული ბაზრის 42% დაიკავა.

2007-08 წლები - თაბაშირ-მუყაოს ქარხანა, რომელიც მოგვიანებით გიგანტმა კომპანია Knauf-მა შეიძინა. 2009 წელი - ქართული ტკბილეულის ქარხანა "ბარამბო". ასევე, 2009 წელს ჩოჩელის ბიზნესჯგუფმა მონორიტორად მიიღო მონაწილეობა "ბერტასა" და ინტერპლასტის" მშენებლობასა და საწარმოო ხაზის ჩაშვებაში.

2011 წელს ბიზნესჯგუფი ლუდსახარში "ზედაზენის" უთანამედროვესი ქარხნის მშენებლობაში 80 მილიონ ლარს დებს. ერთ წელიწადში "ზედაზენმა" ქართულ ბაზარზე გერმანული ბრენდი Bitburger-ი შემოიყვანა და საქართველოს ლუდის წარმოების ისტორიაში პირველად, გერმანული პრემიუმ-ბრენდის, König Pilsener-ის წარმოება დაიწყო. ქარხანაში დღესდღეობით 1 100 ადამიანია დასაქმებული. 1991 წლიდან მოყოლებული, ცეზარ ჩოჩელისა და მისი მეგობრების მიერ დაფუძნებულ საწარმოებში 5 ათასამდე ადამიანია დასაქმებული.

"ვაკეთებდით საქმეს, რომელიც სჭირდებოდა ქვეყანას. ვირჩევდით რთულ გზას, რამეთუ ჩვენ მიერ გაკეთებული საქმე ისტორიას დარჩება. ბევრს ჰგონია, რომ კომპანიები, რომლებსაც ჩვენი ოჯახი და მეგობრები ფლობენ, ჩვენს საკუთრებას წარმოადგენს. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი ქვეყნის საკუთრება, ჩვენი ხალხის და ვინც სარგებელს იღებს ამ ყველაფრიდან, არის სახელმწიფო ბიუჯეტი, აქ დასაქმებული ადამიანები და ამასთან, ეს არის ქვეყნის სახე" (R).