loader

სისხლიანი პროტესტი ეგვიპტეში - დაღუპულია 400-ზე მეტი დემონსტრანტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სისხლიანი პროტესტი ეგვიპტეში - დაღუპულია 400-ზე მეტი დემონსტრანტი

14 აგვისტოს ღამე ეგვიპტეში ყველაზე სისხლიანი გამოდგა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას დიდი მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულთა რაოდენობა ყოველ საათში იცვლება. ბოლო მონაცემებით, შეტაკებებს 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თუმცა, "მუსლიმთა საძმოს" მეთაურთა განცხადებით, გარდაცვლილია 2 ათასზე მეტი.

ეგვიპტის დროებითი პრემიერ-მინისტრის, ჰაზემ ბებლავის განცხადებით, ქვეყანაში უსაფრთხოების აღდგენის მიზნით, ხელისუფლება იძულებული იყო, მსგავსი ოპერაცია ჩაეტარებინა.

ეგვიპტეში შექმნილ მდგომარეობას მსოფლიო ლიდერებიც გამოეხმაურნენ და შეშფოთება გამოთქვეს. "ძალადობისკენ სვლა მხოლოდ უდიდეს არასტაბილურობასა და ეკონომიკურ რღვევას გამოიწვევს", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა კი ეგვიპტეში მომხდარს "დემოკრატიისკენ დაბრუნების იმედის სერიოზული ჩაფლავება" უწოდა. ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და 27 პროვინციიდან 11-ში კომენდანტის საათი ამოქმედდა.

ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში ყოფილი პრეზიდენტის, მოჰამედ მურსის ქვეყნის სათავეში დაბრუნების მოთხოვნით, მისი მხარდამჭერები 3 ივლისიდან მოყოლებული მართავდნენ აქციებს. მოჰამედ მურსი ამჟამად პატიმრობაშია - მას ბრალი ედება 2011 წელს ციხის ამბოხის დროს პატიმრების, ოფიცრებისა და ჯარისკაცების განზრახ მკვლელობაში.

იხილეთ georgianews.ge-ზე

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი"