loader

როგორ უთვალთვალებენ ადამიანებს ჩინეთში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ უთვალთვალებენ ადამიანებს ჩინეთში?

მიმდინარე წლის აპრილში ჩინეთის პოლიციამ ქალაქ ნანჩანში, ერთ-ერთი კონცერტის დროს დააკავა მამაკაცი, გვარად აო, რომელიც ეკონომიკური დანაშაულის ჩადენაშია ბრალდებული. 70 ათას ადამიანს შორის აოს დაკავება მოხდა სახეების ამოცნობის სისტემის საშუალებით, რომლის გამოყენებაც ჩინეთის ხელისუფლებამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო.

2020 წლისთვის ჩინეთში 600 მილიონი სათვალთვალო კამერის დამონტაჟება და მონაცემთა ეროვნული ბაზის - "საზოგადოებრივი სანდოობის რეიტინგის" შექმნა იგეგმება. აღნიშნულ რეიტინგში შევა მთელი ინფორმაცია ჩინეთის თითოეულ მოსახლეზე - სოციალურ ქსელებში გაკეთებული ჩანაწერებით დაწყებული და სამედიცინო და საპოლიციო ჩანაწერებით დამთავრებული.

მონაცემთა ეროვნული ბაზის შეგროვება ჩინეთის ხელისუფლებამ 2015 წელს, სახეების ამოცნობის სისტემის დანერგვით დაიწყო. პროექტ "მახვილი თვალის" ფარგლებში ჩინეთის ქალაქებში 176 მილიონი კამერა დამონტაჟდა, რომელთა საშუალებითაც ავტომობილების მძღოლებსა და ქვეითად მოსიარულეებზე თვალთვალი მიმდინარეობს. კამერებია დამონტაჟებული რკინიგზის სადგურებში, აეროპორტებსა და მასობრივი თავშეყრის ადგილებში. 2017 წლის სექტემბერში პოლიციამ კამერების საშუალებით ქალაქ ცინდაოში, ლუდის ფესტივალზე 25 ძებნილი პირი დააკავა. პოლიციელები კმაყოფილებით აღნიშნავდნენ, რომ სისტემას დამნაშავეების დასაფიქსირებლად ერთ წამზე ნაკლები დასჭირდა.

კამერების საშუალებით ქალაქ შენჩჟენში საგზაო პოლიცია ახორციელებს თვალთვალს ქვეითად მოსიარულეებზე, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებს არღვევენ. კამერები აფიქსირებენ დამრღვევს, ეძებენ მასზე ინფორმაციას ჩინეთის პოპულარულ სოციალურ ქსელებსა და მობილური ოპერატორების ბაზებში.

როდესაც სისტემა ადამიანს პოულობს, მას ჯარიმა და სმს-ით გამაფრთხილებელი შეტყობინება ეგზავნება. გარდა პოლიციისა, სახეების ამოცნობის სისტემას ბანკები, ფინანსური კომპანიები და ონლაინ-სერვისებიც იყენებენ. ჩინეთის თითოეული მოსახლის ქცევას სისტემა ბალებით შეაფასებს. ეს შეფასება პირდაპირ აისახება მოქალაქის ცხოვრებაზე - შეძლებს თუ არა ის ქვეყნიდან გასვლას, კრედიტის აღებას, სოციალური შემწეობისა და შეღავათების მიღებას.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის საბოლოო მიზანი "საზოგადოებრივი სანდოობის რეიტინგის" საშუალებით "ჰარმონიული სოციალისტური საზოგადოების" შექმნაა.