loader

გიგი დედალამაზიშვილის ემოციური სიტყვა და რუსი მსმენელის წუთიერი დუმილი 9 აპრილს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიგი დედალამაზიშვილის ემოციური სიტყვა და რუსი მსმენელის წუთიერი დუმილი 9 აპრილს

პეტერბურგის კლუბ "A2 Green Concert"-ში ჯგუფი "მგზავრების" კონცერტი გაიმართა. კონცერტის დაანონსებას ქართულ საზოგადოებაში კრიტიკა მოჰყვა. 2016 წლის 9 აპრილს 27 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა არმიამ თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია. დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა. სწორედ ამის გათვალისწინებით, ქართულ სოციალურ ქსელში "მგზავრების" კონცერტს უარყოფითი კომენტარები მოჰყვა.

ახლახანს ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია მომენტი "მგზავრების" კონცერტიდან, როცა ჯგუფის სოლისტმა 9 აპრილს დაღუპულების ხსოვნისათვის რუს მსმენელს წუთიერი დუმილით პატივის მიგება სთხოვა. გიგი დედალამაზიშვილმა რუსულ ენაზე ამ სიტყვებით მიმართა მსმენელს:

"ჩვენთვის ეს თარიღი ძალიან ბევრს ნიშნავს. თქვენ ალბათ არ იცით, მაგრამ... ძალიან ვნერვიულობ, მაპატიეთ. საქართველოს ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი დღეა. 1989 წელს აპრილის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გამოსვლები დაიწყო და მთელი ჩემი ოჯახი მაშინ იქ იყო. ჩემი და ამ ბიჭების ოჯახები. 8 აპრილს, საღამოს ხალხს უთხრეს, რომ მოვიდოდა არმია და მათ დაშლიდნენ. ხალხი არ წავიდა, დარჩა... ბევრი ადამიანი დაიღუპა მაშინ. საქართველოს დამოუკიდებლობის იდეისთვის, რომელიც ჩვენ რამდენიმე წელიწადში მართლაც მოვიპოვეთ. დღეს ეს დღეა, 27 წელი გავიდა. მე დღეს 30 წლის ვარ, მაშინ სულ 3 წლის ვიყავი. მეგობრებო, გთხოვთ წუთიერი დუმილით მივაგოთ პატივი იმ ადამიანების ხსოვნას, გავუგზავნოთ ჩვენი სიყვარული თბილისს, საქართველოს" - ამ სიტყვებზე მთელი დარბაზი წუთით გაჩუმდა, მაყურებლებში საქართველოს დროშაც ფრიალებდა.

Ambebi.Ge