loader

"ვერ გეტყვი, რომ მიყვარხარ... უხერხულია" - რა სიტყვებით ულოცავს პეტრე კოლხი მეუღლეს დაბადების დღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვერ გეტყვი, რომ მიყვარხარ... უხერხულია" - რა სიტყვებით ულოცავს პეტრე კოლხი მეუღლეს დაბადების დღეს

პეტრე კოლხი მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს: "ხვალ ისევ 13 სექტემბერია... შენი დაბადების დღე... ბავშვობიდან მესმოდა, რომ რიცხვი 13 თარსია. ჰოდა, შენ ,,დამთარსე"... თავი ვერ დაგაღწიე, ვერ მიგაწარსულე... ყოველთვის თავიდან იწყები, თავიდან გხვდები და თავიდან მეფიქრები, მეჩემები...
ხვალ ისევ ,,ცა-(მეტია)"... გვირილების, ზამბახების, ყაყაჩოების ცამეტი... ზეცის მეცამეტე სართული, მიწის მეცამეტე საფეხური-სამყაროს სრულყოფილება...
ხვალ ისევ ცამეტია, მეტი, მეტი და კიდევ მეტი, უფრო მეტი, ვიდრე ერთი ადამიანის დაბადება...
სიყვარულს არ გიხსნი, არ გეტყვი, რომ მიყვარხარ... ეს უხერხულია, შეურაცხყოფაა... ამას ყველას ვეუბნები.... არც იმას გეტყვი, რომ ჩემი ლექსის შთაგონების წყარო ხარ, ასეთი გამვლელიც შეიძლება იყოს... მახსოვს, ტიციანის და თამუნია წერეთლის ისტორიას ხშირად ვყვებოდით... ამ ტიპის ლიტერატურული სახეები არასდროს ყოფილა უცხო...
რწმენა გახდი, იმაზე მეტი, ვიდრე ხატის წინ მდგარ მლოცველს შეიძლება ჰქონდეს... მე შენ ცხოვრება მასწავლე, ბევრს გისმენდი, მაგრამ უფრო მეტად გეწინააღმდეგებოდი...
ამის გამო ხშირად ,,დავისაჯე"...
ყოველთვის იმ აღსარებას ჰგავდი, მონანული დიდი ხანი რომ ემზადება, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში სიტყვას ძალა ერთმევა და ყელში ცრემლის ტალღა ახრჩობს...
მთელი ცხოვრება გინდოდა შეუმჩნეველი ყოფილიყავი, შენთვის, ჩუმად, უხმაუროდ ბედნიერი... მე სულ ვხმაურობდი, დაუდგრომელი, უკონტროლო, გიჟი ვიყავი... სულ ცდილობდი ლანდებივით გვევლო და არავინ შეგვეწუხებინა... მერე ჩვენნაირი ლანდები გაგვეჩინა და მთაწმინდის აღმართებით, ნარიყალას ნანგრევებით, მეტეხის თაღებით გამოგვეზარდა... გპირდებოდი, სულ, სულ გპირდებოდი, მაგრამ...
ხვალ ისევ ცამეტია, სათამაშო როიალზე ფეხმოტეხილი მოცეკვავე გოგონას შინაარსიანი ცამეტი...
როგორ მინდა, ისევ ვიდგე ნინო ჭავჭავაძის საფლავთან, დედაჩემის გამოგზავნილი ფულით ნაყიდი ვარდებით ხელში და გპირდები, ყველაფერს შევცვლიდი...
ასე არ დაგამძიმებდი, ღმერთი ყოველთვის გვეყვარებოდა, მაგრამ შენი გიჟი ქმარი პოეტად დარჩებოდა, მხოლოდ პოეტად... მხრებზე აკიდებული შვილებით ისევ ვივლიდით ავლაბრიდან ბეთლემამდე...
ყველას დავემალებოდით, ყველას მოვერიდებოდით... ბედნიერებას არ ვიხმაურებდით... ამდენ ქვას და ტალახს ავიცდენდით...
შენ უფრო გესმის ჩემი, ვიდრე მე საკუთარი თავის...
შენ პოეტი ხარ, შენი ნდობა როგორ შეიძლება, თავში რა მოგიქრის, კაცმა არ იცისო-მეტყოდი... ყველა ჩემს ახირებას, სიჯიუტეს იტანდი, იგებდი...
წინ გზა ძალიან ვრცელია, ამ გზაზე ყველაფრის გარეშე შემიძლია წარმოვიდგინო სიარული, შენ მაინც გამომეკიდები.... მხოლოდ იმიტომ, რომ თავს რამე არ ავუტეხო...
დამღალა სიყალბემ, ფარისევლობამ, ხელოვნურმა დოგმებმა, მოზომილმა სიცილმა და ბედნიერებამ... ეს ჩვენს ურთიერთობასაც შეეტყო...
სხვა ვინ გაიგებს ამ ,,ტრაგიზმს"... დადგებიან, ჭკუას დამარიგებენ, მშვიდად იყავი, სხვებივით მოერგე ამ ცხოვრებასო...
მხოლოდ შენ იცი, რომ სხვებივით სწორედაც რომ არ მოვერგები ცხოვრებას... ერთი პერიოდი ესეც ვცადე და ლამის თვითმკვლელობამდე მივედი...
მაშინაც შენ გადამარჩინე, მაშინაც შენ მიხსენი...
ნაქირავებში რომ ვცხოვრობდით, წიგნებზე გვეძინა, მაგრამ არაფერს ვუჩიოდით... მაშინ არ ვიცოდით, სამყარო, ადამიანები ასეთი მკაცრი და დაუნდობლები თუ იყვნენ...
ისევ მინდა წვიმაში ხელებგადაჯვარედინებულები ვიდგეთ და დაუსრულებლად ვტრიალებდეთ... ახლაც გავაკეთებ... ვიცი, რომ ,,არ შეიძლება", მაგრამ ანაფორით ვიტრიალებ შენთან ერთად გულისწასვლამდე...
ხვალ ისევ ცამეტია, როგორც მასწავლიდნენ, თარსი ცამეტი, მაგრამ სიმართლე არ ყოფილა...
13 ყველაზე იღბლიანი რიცხვი აღმოჩნდა...
წერა დაიწყე, ბევრი წერე... სხვებსაც გაუზიარე შენი გამოცდილება... იქნებ უამრავი წყვილი გადაარჩინო... აუცილებლად დაწერე, რომ შემოქმედი ადამიანის დოგმებში გამოკეტვა თვითმკვლელობაა... მე მჯერა, შენი მწერლური ნიჭი თუ ამოხეთქავს, ნობელზე მეტი იქნება...
მე და შენ სამოთხის ვაშლით დავიწყეთ თამაში... ჩაკბიჩე და ჩემკენ გამოაგორე, ნახე, რა გემრიელი არისო... დიდხანს არ მიფიქრია, ისე დავეწაფე... მომაკვდინებელიც რომ იყოს, ბოლომდე შევჭამ მეთქი-გითხარი... ჰოდა, თვალები ამეხილა...
პირველად შენ დაგინახე... უკანასკნელადაც შენ შემოგხედავ და სხვა სამყაროშიც წავიღებ შენ ხსოვნას...
ვერ გეტყვი, რომ მიყვარხარ... უხერხულია, ამას სხვებსაც ვეუბნები..."