2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 13 წელი გავიდა
2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 13 წელი გავიდა. 13 წლის წინ ამ დღეს, გამთენიისას სამართალდამცველებმა თავისუფლების მოედანზე მცირერიცხოვანი აქციის დარბევა დაიწყეს. ამის მიუხედავად მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე შეკრებას აგრძელებდნენ. ვითარების დაძაბვიდან მალევე სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა. სამართალდამცავებმა წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებით და ხელკეტებით მომიტინგეების დარბევა დაიწყეს. დღის მეორე ნახევარში აქციის მონაწილეებმა რიყეზე გადაინაცვლეს, პარალელურად, შსს-მ ოპოზიციური ლიდერების სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნა. ჩანაწერების გავრცელებიდან მალევე კი რიყის აქციის დარბევა დაიწყო. 2007 წლის 7 ნოემბერს, დღის ბოლოს სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შეიჭრა. გაითიშა არხის სამაუწყებლო სიგნალი. ამის შემდეგ კი 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აქციის მშვიდობიანი მონაწილეების დარბევის საქმეზე ევროსასამართლოში რამდენიმე საჩივარი შევიდა, საქმეს იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, 7 ნოემბრის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი არიან ბრალდებული.