loader

ერთკაციანი პარტიები და უოფისო პოლიტიკოსები _ საქართველოში 219 პარტიაა რეგისტრირებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერთკაციანი პარტიები და უოფისო პოლიტიკოსები _ საქართველოში 219 პარტიაა რეგისტრირებული

“რეალისტთა კავშირი”, “საქართველოს ბედი”, “საქართველოს სამეფო ლიგა”,  “ბურჟუაზიულ-დემოკრატიული პარტია”,  “საქართველოს ფარი”… საჯარო რესტრიის მენიუში პარტიები ნებისმიერი  გემოვნების, ასაკისა და შეხედულებისთვის მოიძებნება. თუმცა მათი უმეტესობის პოლიტიკური ბიოგრაფია რეესტრის მონაცემთა ბაზას არ გასცდენია.

ანზორ აბრალავა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორია. პარტია “სოლიდარობა” პოლიტიკური წარმატების იმედით 2001 წელს დააფუძნა. მას შემდეგ წლები გავიდა, მაგრამ ჯერ არც წარმატება ჩანს და არც ამომრჩეველთა სოლიდარობა. უოფისო პოლიტიკოსი თვლის, რომ მენტალიტეტის გამო, საზოგადოება მისი კონცეფციის მისაღებად ჯერ მზად არ არის.

საკუთარი პარტიის ერთადერთ წევრი სამუშაო ადგილზე ცხოვრობს და საცხოვრებელ სახლში მუშაობს.  ადვოკატმა ქართლოს ღარიბაშვილმა მოძრაობა ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს დაარეგისტრირა. ახლა დაფინანსება არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ ფინანსურ კრიზისს იდეებით უპირისპირდება.  პრეზიდენტობის სამგზის ყოფილი კანდიდატი მიიჩნევს, რომ ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია, მაგრამ აქვს გადარჩენის რეცეპტიც _  საქართველოს ხსნის მისეული იდეა მისსავე გაპრეზიდენტებაშია.

ქართულ პოლიტიკაში ბატიბუტივით მიმოფენილ პარტიებზე მოქალაქეებს არაფერი სმენიათ. პოლიტიკური პარტიების შესახებ მათი ცნობიერება “ნაციონალებს”, “ლეიბორისტებს”, “ახლებსა” და კიდევ რამდენიმე პარტიას არ ცდება.

“ეროვნული თანხმობისა და სამართლიანობის აღდგენის კავშირი”, - ის 219 პარტიას შორის ერთ-ერთია. ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა ისიც მხოლოდ ქაღალდზე. იმის გამო, რომ მოძრაობის სახელწოდება მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე ამბიციური აღმოჩნდა, პარტიის ლიდერს გული არ წყდება. მურმან ზაქარაძე პოლიტიკაში წარუმატებლობის მიუხედავად ამბობს, რომ პარტიამ მისი შექმნის ძირითადი მიზანი შეასრულა.

საქართველოს პოლიტიკური პარტიების შესახებ ინფორმაცია ვიკიპედიაშიც იძებნება. ინტერნეტენციკლოპედიის მიხედვით, რეგისტრირებული პარტიების გარკვეული ნაწილის რეორგანიზაციის ან გაუქმების მიუხედავად, საერთო ჯამში, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური სისტემა მაინც მრავალპარტიულია. ექსპერტები რაოდენობაზე არ დაობენ, თუმცა ყველაზე მთავარ პრობლემას სწორედ იმაში ხედავენ, რომ ქვეყანაში, რომელშიც 200-ზე მეტი რეგისტრირებული პარტიაა, კონკურენტული გარემო ვერ შეიქმნა.