რომელ აფთიაქში შეგიძლიათ შეიძინოთ თურქული წარმოების იაფი მედიკამენტები?
თურქული წარმოების იაფი მედიკამენტები ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა დიდ სააფთიაქო ქსელშია წარმოდგენილი. აქედან ყველაზე მეტი, 32 დასახელების მედიკამენტი „ფარმადეპოს“ ქსელში იყიდება. 8 დასახელების მედიკამენტი აქვს „ავერსს“, ხოლო ჯერჯერობით ერთი დასახელების მედიკამენტი - პსპ-ს და „ფარმსახლს“. მედიკამენტების გაყიდვაში გაშვებას უახლოეს დღეებში გეგმავს „იმპექსიც“.
როგორც აღნიშნულi სააფთიაქო ქსელებიდან განაცხადეს, მედიკამენტების რაოდენობის ზრდა, ასევე, სააფთიაქო ქსელების დამატება, უახლოეს მომავალში იგეგმება.
„ფარმადეპოს“ ქსელის ხელმძღვანელი ქეთი კოზმანაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ ფასთა შორის სხვაობა ევროპული და თურქული წარმოების ერთსა და იმავე მედიკამენტს შორის საკმაოდ დიდია და 50%-დან 85%-მდე მერყეობს.
ცნობისთვის, თურქეთის ბაზარი, საიდანაც საქართველოში მაღალი ხარისხის და დაბალი ფასის მქონე მედიკამენტები უნდა შემოვიდეს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 17 იანვარს გაიხსნა. როგორც მთავრობაში აცხადებენ, თურქეთის ბაზრის გახსნის შედეგად, მოსახლეობას 200-მდე დასახელების მედიკამენტზე ხარჯები გაუიაფდება. თურქული წარმოების მედიკამენტების პირველი პარტია სააფთიაქო ქსელებში დაახლოებით ერთი კვირის წინ შემოვიდა.