ვინ არის ქართველი მასწავლებელი, რომლის ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი ნახვა აქვს - პედაგოგის განსხვავებული და უჩვეულო სწავლის მეთოდები
ეს 36 წლის სპორტის მასწავლებლი თემუკა ჯიბლაძეა, რომელიც საერთაშორისო ქართულ სკოლაში უკვე მე-4 წელია მუშაობს. თემუკა ბავშვების განწყობაზე ყოველდღე ზრუნავს. შესვენებებზე მათთან ერთად ცეკვავს, მღერის, თამაშობს. პატარებს ზურგზე ისვამს და ისე ასეირნებს. ბავშვები თემუკა მასწავლებელთან შეხვედრას ყოველდღე დიდი ჟრიამულით ელოდებიან.
ჩვენი სტუმრობის დროს პატარები საუზმობდნენ. თემუკა მასწავლებელი პატარა მეგობრებს დაჰპირდა, რომ თუ საუზმეს ბოლომდე დაამთავრებდნენ, თოვლში მათთან ერთად იგუნდავებდა. პატარებს დანაპირები შეუსრულა და სკოლის ეზოში სულ მალე დიდი მხიარულება დაიწყო.
თემუკა მასწავლებლისა და მისი პატარა მეგობრების ვიდეოები სოციალურ ქსელში დიდ მოწონებას იმსახურებს. ყველაფერი კი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როცა მოსწავლეებს სახლში აცილებდა და მათთან ერთად ცეკვავდა, შემთხვევით უცნობმა ადამიანმა ვიდეო გადაუღო და სოციალურ ქსელში ატვირთა. პოპულარობაც ასე მოიპოვა.
ამბობს, რომ ბავშვებთან ურთიერთობა დიდ ბედნიერებას ანიჭებს. ყოველდღე სახლში დადებითი ემოციებით დამუხტული ბრუნდება. ამბობს, რომ ამ სამსახურის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმოუდგენია. მისი პატარა მეგობრები მასწავლებელს ყოველდღე სხვადასხვა ამბავს უყვებიან და მასთან ერთად არასოდეს იწყენენ.