“მისული ვიყავი ბებიაჩემის საფლავზე და რას ვხედავ? ამ უზნეობას რეგულარული ხასიათი აქვს“ - ვაკის სასაფლაოდან წარმოუდგენელი კადრები ვრცელდება
ალექსანდრა რაქვიაშვილი "ფეისბუქჯგუფში" “ქალაქის პრობლემები“ ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
“დღეს მისული ვიყავი ბებიაჩემის საფლავზე (ვაკის სასაფლაო). და რას ვხედავ? - მიწა ყრია ნახევარ მეტრზე და სამშენებლო ნაგავი. ფიზიკურად ვერ შემოვაღწიე შიგნით, იმიტომ, რომ იმდენი მიწა დაყარეს, კარები ფიზიკურად არ იღებოდა.
ბებიაჩემი 2000 წელს გარდაიცვალა. ზოგადად, ბოლო 10 წელია იმას ვხედავ, რომ საფლავებზე ნაგავს ყრიან (ადრე, ჩემს ბავშვობაში, ასეთი უკულტურობა და უპატივცემულობა არ მახსოვს). მაგრამ სამშენებლო ნაგავი და მიწა, თან ასეთი რაოდენობით - ჯერ არ ყოფილა. ფაქტია, რომ ჭირისუფლის და უბრალო გამვლელის გაკეთებული არაა. აბა, ჭირისუფალი ხომ არ მოიტანდა სახლიდან ამ აგურებს, მიწას და ბეტონის რაღაცებს, ესე იგი, თვითონ სასაფლაოს თანამშრომლების და იქ მომუშავე მუშების გაკეთებულია და დირექცია სად არის ამ დროს ერთი, ძალიან მაინტერესებს?ყოველ წელს დავდივარ სასაფლაოზე. საკუთარი ძალებით ვალაგებ საფლავს. მერე დრო გადის - მოვდივარ და ისევ მხვდება ნაგავი. ადრეც ყოფილა სამშენებლო ნარჩენები, ოღონდ ასეთი რაოდენობით არა. დირექტორი მისდღემში ადგილზე არ არის, რომ დალაპარაკება შევძლო და ვაჩვენო ეს კონკრეტული საფლაფი. კიდევ კარგი, დირექციის ტელეფონის ნომრები აქვთ გამოკრული კარებზე, და დღეს ეს კოშმარი რომ დამხვდა დავურეკე, და ოთხშაბათს დამიბარა.
ხალხო, გამაგებინეთ, რა გავაკეთო? ამ უზნეობას რეგულარული ხასიათი აქვს და უკვე ყველა ზღვარს არიან გადასულები. ვინ უნდა აგოს ამაზე პასუხი? დავიღალე რა! ყოველ წელს, აღდგომა დღეს, სასაფლაოზე მისვლის მეშინია ხოლმე. დღეს ტირილამდე ვიყავი მისული! რა დააშავა ამ საწყალმა ბებიაჩემმა, რომ სიკვდილის მერე არ ასვენებენ? ქალი დამსახურებული პედაგოგი (50-წლიანი სტაჟით) და ბალერინა იყო, სრულიად საქართველოს საბალეტო სამყარო ძალიან კარგად იცნობდა მას. განა ეს დაიმსახურა? რა უპატივცემულობა და უზნეობაა!
მასწავლეთ, რა გავაკეთო! გთხოვთ!
p.s. ფოტოზე რასაც ხედავთ, რკინის სკამია შიგ საფლავზე და შეხედეთ, ეს მიწა რა დონემდე ყრია, რომ სკამიც კი დაფარა...“