loader

გორის "დილამ" ახალი ფეხბურთელები წარადგინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გორის "დილამ" ახალი ფეხბურთელები წარადგინა

გორის "დილამ" ახალი ფეხბურთელები წარადგინა და კლუბში განხორციელებული ცვლილებების პრეზენტაცია გამართა .
ცერემონიაზე, რომელიც სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა, კლუბის 18 ახალწვეულს ნომრიანი მაისურები გადაეცა. გარდა ამისა, გუნდის ხელმძღავენელებმა და მწვრთნელებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

პრეზენტაციის ბოლოს ფეხბურთელებისთვის, ქომაგებისთვის და ჟურნალისტებისთვის გუნდის ახალი ლოგოს, დროშის, ვებ-გვერდის და ჰიმნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ჯგუფი "ფრანი" ასრულებს.

კლუბის გენერალური დირექტორის, ზურაბ დალაქიშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში "დილა" გახდება გუნდი, რომელსაც ძლიერი და კარგად შეთამაშებული შემადგენლობა ეყოლება და კარგი წვრთნისა და მომზადებისთვის ყველა პირობა ექნება.
მისივე განცხადებით, განახლებისა და გაძლიერების პროცესი მხოლოდ მოკლევადიან გეგმებზე გათვლილი არ იქნება და "დილას" წლევანდელთან შედარებით მომავალ სეზონებში უფრო გრანდიოზული მიზნები ექნება.

ამჟამად კი, როგორც კლუბის ხელმძღვანელები აცხადებენ, დასაწყისისთვის მათი მიზანი შიდა ჩემპიონატში წარმატებული თამაში იქნება.
რაც შეეხება ახალ ფეხბურთელებს, როგორც გორის "დილას" მთავარი მწვრთნელი, თემურ მახარაძე აცხადებს, ერთდროულად 18 ახალწვეულის შეთამაშება რთული იქნება და გარკვეული დრო დაჭირდება, თუმცა, მისი თქმით, ყველა ფეხბურთელი პროფესიონალია და ისინი ერთობლივ თამაშს მალევე იპოვიან.
სულ რამდენიმე თვეა, რაც შიდა ქართლის ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბის პატრონაჟი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ითავა. შსს-ს მხარდაჭერით შემადგენლობის გადახალისების გარდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ცვლილებებიც მიმდინარეობს.