loader

"მოხდა დიდი უბედურება, ხმაურითა და გრუხუნით მიწა ინგრევა" - რეპორტაჟი გლდანიდან და 76 ოჯახის ცხოვრება მუდმივ შიშში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოხდა დიდი უბედურება, ხმაურითა და გრუხუნით მიწა ინგრევა" - რეპორტაჟი გლდანიდან და 76 ოჯახის ცხოვრება მუდმივ შიშში

ახალი მშენებლობის გამო წლების წინ აშენებული კორპუსი ინგრევა. გლდანში, ანგია ბოჭორიშვილის 3 ნომერში, მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ბავშვებითა და ხანდაზმული მოქალაქეებით დასახლებული შენობიდან 15 მეტრში სამშენებლო მოედანია, სადაც ამ დრომდე მძიმე ტექნიკა გადაადგილდება.

მშენებლობა 2020 წელს დაიწყო, თუმცა აქტიურ ფაზაში დაახლოებით 3 თვის წინ შევიდა. სწორედ აქედან დაიწყო ის რყევები, რომელმაც საბოლოოდ გუშინ ღამით კორპუსს საძირკველი გამოაცალა. მოსახლეობის ნაწილი ევაკუირებულია, ზოგი - ბაღის შენობაში, დანარჩენი კი - სასტუმროში.

ტერიტორიაზე გადაადგილება უსაფრთხო აღარაა, რადგან შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს გაბზარული იატაკი და კედლები.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მშენებლობა ბევრჯერ შეჩერდა, სავარაუდო მიზეზი კი უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფაა.

ადგილობრივების პირველი მოთხოვნა გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება იყო, თუმცა მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა.

გათხრების შედეგად ე.წ. რკალსა და კორპუსს შორის მანძილი მეტრ-ნახევარია. ყველა ერთხმად თანხმდება, რომ კორპუსი ავარიულია და აქ ღამის გათენება არ შეიძლება, მაგრამ როგორც მერიის ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, გადაჭრით საუბარი ექსპერტიზის საბოლოო დასკვნამდე რთულია.

ფაქტი კი ერთია, მიწა მოწყვეტით იშლება, 76 ოჯახისთვის ავარიულ კორპუსში ღამის გათენება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.

საჩივარი დაწერილია, მოსახლეობა ექსპერტიზის სწრაფ დასკვნას და მშენებლობის შეჩერებას ითხოვს. ჩვენ ვეცადეთ მშენებელ კომპანიასთან დაკავშირებას, თუმცა მათგან ამ დრომდე პასუხები არ მიგვიღია.

ვისი ბრალეულობა იკვეთება, კორპუსიდან მეტრ-ნახევარში ახალი მშენებლობის ნებართვა რატომ გაიცა? რატომ არ იხურება სამშენებლო მოედანი და რა ბედი ელის 76 ოჯახს? კითხვა ბევრია, თუმცა იქამდე, სანამ პასუხები გამოჩნდება, ფაქტი ერთია: თბილისში, ანგია ბოჭორიშვილის 3 ნომერში, კორპუსს საძირკველი ეცლება.