"ჩემი ანგარიშიდან მოხსნეს 1000 ლარამდე, ასევე სცადა სესხის გაკეთება" - ახალი თაღლითური სქემა, რომელიც რეალობას ძალიან ჰგავს
ინტერნეტთაღლითობის ფორმები და მასშტაბები დაზარალებულ პირთა ფინანსურ ზარალთან ერთად უფრო და უფრო იხვეწება და ფართოვდება. თაღლითების ეს ჯგუფი, რომელზეც დღეს გიყვებით, ძველი მეთოდების ნაცვლად, ახალ, თანამედროვე სქემას ქმნის, რომელიც ბევრად უფრო ჩახლართულია და რეალობას ძალიან ჰგავს.
მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვესმის პირადი ინფორმაციის დაცვის შესახებ მოწოდებები, ინტერნეტჰაკერები მაინც ახერხებენ მათ მოპოვებას. ეს სქემაც სწორედ ამაზეა. მარიამ კარდანახიშვილი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან მომხმარებელს შორის, რომელმაც უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ განცხადება ინტერნეტში შესაბამის პლატფორმაზე განათავსა.
განცხადების დადებიდან მალევე უცხო ნომრიდან შეტყობინება შემოვიდა. სავარაუდო მყიდველი ამერიკაში ცხოვრობდა და საქართველოში მეუღლესთან ერთად აპირებდა ჩამოსვლას. ბინაც მოქალაქეობის მისაღებად სჭირდებოდა. ფოტო-ვიდეომასალის დათვალიერების შემდეგ თანხის ნაწილის ჩარიცხვის ფორმებზე შეთანხმდნენ. ე.წ. ინტერნეტფიშინგიც აქედან იწყება.