6 წლის უკრაინელი გოგონა, რომელიც ომის გამო თავს სარდაფს აფარებდა, გარდაიცვალა
11 იანვარს დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკაში 6 წლის გოგონა გულის შეტევით გარდაიცვალა. ბავშვს ელია ერქვა. ის თავშესაფრად ქცეულ სარდაფში ცხოვრობდა. გოგონას ოჯახმა, ბებიამ და ბაბუამ უარი თქვეს ევაკუაციაზე.
ბავშვის გარდაცვალების შესახებ გუშინ ტელეეთერში ავდეევკას სამხედრო-სამშვიდობო ადმინისტრაციის უფროსმა ვიტალი ბარაბაშმა განაცხადა.
"ავდეევკაში რჩება დაახლოებით 2,5 ათასი მცხოვრები, მათ შორის ბავშვები. 6 წლის გოგონა ღამით გარდაიცვალა, გულის შეტევით. გოგონა ბებიასთან ერთად ცხოვრობდა ავდეევკაში, დედა საზღვარგარეთ არის სამუშაოდ, მამა გარდაეცვალა. საღამოს გოგონამ კიდურებში მგრძნობელობა დაკარგა... სამწუხაროდ, ეს ჩვენთვის არავის უთქვამს. არ არსებობს ერთი კანონიერი მექანიზმი, რომ ბავშვები იძულებით გაიყვანონ ქალაქიდან, მუდმივად მივმართავთ სახალხო დეპუტატებს და დაჟინებით მოვითხოვთ ასეთი კანონის მიღებას, რადგან უპასუხისმგებლო მშობლები აყენებენ ბავშვებს საფრთხის ქვეშ" - განაცხადა ბარაბაშმა.
ვლად მახოვსკი მოხალისეა, რომელიც პირადად იცნობდა გოგონას. ელია სარდაფში დაინახა, სადაც ბებიასთან და ბაბუასთან ერთად იჯდა. ბავშვმა აღიარა, რომ ეშინოდა, თუმცა მისმა ოჯახმა ევაკუაციაზე უარი თქვა. მოხალისეებმა ახლობლებს ბავშვის ევაკუაცია და გადარჩენა შესთავაზეს. "ცოტა ხნის შემდეგ მაინც მოვინახულე და კიდევ ერთხელ მოვუწოდე ევაკუაციისკენ, არ უნდოდათ. მეექვსე დაბადების დღეზე ტორტი და საჩუქარი მივუტანე, მაგრამ ოჯახის წევრებმა უარი მითხრეს გოგონასთან შეხვედრაზე. საშინელი ტკივილია, ბავშვი, რომელიც რამდენჯერმე ვნახე მაგრამ მისი დიდი და სანდო თვალებით არასოდეს დამავიწყდება... როგორ გადავარჩინოთ ეს ბავშვები?“ - წერს მახოვსკი.
ავდეევკა მუდმივად მტრის დაბომბვის ქვეშ იმყოფება, ამიტომ ადამიანების უმეტესობა უფრო უსაფრთხო რეგიონებშია წასული, მაგრამ 2,5 ათასი ადამიანი ისევ იქ რჩება. მათ შორის არიან ბავშვებიც. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში არავის მიუმართავს ევაკუაციის სურვილით.
სამართალდამცავები ქალაქში რჩებიან, მაგრამ ხალხს სახლის დატოვებას ვერ აიძულებენ, რადგან ეს არის მათი უფლებების დარღვევა. გადაწყვეტილება უნდა იყოს ნებაყოფლობითი...