“ქათამი სამტრედიიდან თბილისში ჩაიყვანა, ექიმებმა მას ნაწლავის ოპერაცია გაუკეთეს და გადაარჩინეს“ - ქათამი “კოკოსა“ და გოგონას მეგობრობის ამაღელვებელი ისტორია ნახვების რეკორდს ხსნის
"ფეისბუქგვერდი" “ჩვენ სამტრედიიდან ვართ“ ცხოველთა უფლებადამცველის, ტასო ლოსაბერიძისა და მისი ქათმის - კოკოს შესახებ ამაღელვებელ ისტორიას ავრცელებს:
“მინდა მოგიყვეთ ერთი უცნაური ისტორია. პრინციპში, დღევანდელობაში, ცოტა არ იყოს და, გეუცნაურებათ, თუმცა ყველა ადამიანში დევს სიკეთის კეთების ინდივიდუალური ფორმით გამოხატულება და ერთ-ერთი ასეთი განმასხვავებელი ფორმა სამტრედიელმა – ტასო ლოსაბერიძემ გვაჩვენა.
რომ არ გავაგრძელო, ტასო, როგორც შემდეგ გავიგე, არის ცხოველების უფლებადამცველი და აქედან გამომდინარე, მას არაერთი ცხოველის მიმართ გამოუჩენია ჰუმანურობა და გაუწევია დახმარება. ერთი ასეთი შემთხვევა კი მისი სამტრედიაში ყოფნის დროს მოხდა...
ტასო თბილისში ცხოვრობს, თუმცა ხშირი სტუმარია თავის მშობლიური სოფლის, ეწრის და როცა აქ იყო, მას შეატყობინეს, რომ თურმე სოფ. მარანში ქათამს ესაჭიროებოდა დახმარება. დაკვლას უპირებდნენ, რადგან ნაწლავი გარეთ ჰქონდა გამოვარდნილი. ტასომ ქათამი „კოკო“ სამტრედიიდან თბილისში ჩაიყვანა. ექიმებმა მას ნაწლავის ოპერაცია გაუკეთეს და ერთი სიტყვით, გადაარჩინეს ქათამი.
არ ვიცი, როცა ტექსტს კითხულობდით, ვინ რა გაიფიქრეთ, მაგრამ ჩემთვის ეს ადამიანი არის მაგალითი იმის, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი. მადლობას ვუხდი საჯაროდ მის მშობლებს, ასეთი კარგი თვისებები რომ შთაუნერგეს და ადამიანად აქციეს. ერთი ნახვით მიყვარდება შენისთანა ადამიანები!“ - წერს გვერდი.
მოგვიანებით კი ქათმის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია თავად ტასო ლოსაბერიძემ გაავრცელა:
“ყველაფერი კარგად არის, ნარკოზიდან ძალიან კარგად გამოვიდა, ახლა შეჭამს და დაიძინებს“ - წერდა ტასო.