"მე ვამაყობდი, რომ მყავდა შვილი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტი გახდა, ომის შემდეგ კი მე მრცხვენია" - რას ამბობდა ვერა პუტინა ვლადიმერ პუტინზე
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თითქმის არასდროს საუბრობს ცხოვრების ადრეულ ეტაპზე, ბავშვობაზე, განსაკუთრებით ბუნდოვანი კი 10 წლამდე პერიოდია.
რუსეთის დიქტატორის წარსულის შესახებ, დღემდე ბევრი რამ კითხვის ნიშნის ქვეშაა. მაგალითად, კითხვები არსებობს იმის შესახებ თუ ვინ იყვნენ რეალურად მისი მშობლები. არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენი დროის ტირანის დედა ვერა პუტინა იყო, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და რამდენიმე დღის წინ, 2023 წლის 31 მაისს, 96 წლის გარდაიცვალა.
ვერა პუტინა, რომელიც მეტეხში ცხოვრობდა, ამტკიცებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნამდვილი დედა იყო.
არსებული ინფორმაციით, წლების წინ, როდესაც ვერამ განაცხადა, რომ პუტინი მისი შვილი იყო, მასთან სახლში კგბ-ს თანამშრომლები მივიდნენ, წაიღეს ბავშვობაში გადაღებული ორიგინალი ფოტოები და უბრძანეს გაჩუმებულიყო.
ქალმა პირველად 1999 წელს განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის ბიოლოგიური დედაა და შვილთან განშორება მაშინ მოუწია, როცა ვლადიმერი პატარა იყო.
თავად პუტინი საკუთარ ბიოგრაფიაში წერს, რომ იგი დაიბადა და გაიზარდა სანკტ-პეტერბურგში, ქარხნის მუშისა და ყოფილი სამხედროს ოჯახში. ორივე მშობელი, მისი თქმით, 1990-იანი წლების ბოლოს, სიმსივნით გარდაიცვალა.
2008 წელს The Daily Telegraph-ს ვერა პუტინა ესაუბრა. ეს ის პერიოდია, როცა რუსეთი საქართველოში შემოიჭრა.
"მე ვამაყობდი, რომ მყავდა შვილი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტი გახდა, ომის შემდეგ კი მე მრცხვენია", - ამბობდა ვერა პუტინა,
პუტინი 9 წლის იყო, როდესც ვერამ ის მშობლებთან გაგზავნა. თუმცა, მოხუცები ავად იყვნენ და ბიჭის მოვლა ვერ შეძლეს. ბავშვთა სახლში ჩაბარების შემდეგ ვერამ მასთან კონტაქტი დაკარგა, ბოლოს კი გაიგო, რომ კგბ-ში იყო.
ვერა პუტინა ოცნებობდა, რომ მისი შვილი მეტეხში ჩასულიყო. ქალს უნდოდა ბოდიში მოეხადა და ეთქვა, რომ არ სურდა მისი მიტოვება.