"საშინელი ტრაგედიაა, სტუმრად იყო მოსული, კალათბურთელი ყოფილა... მერე გამჟღავნდა, რომ ბოლო ხანებში, იმ ადგილას დენი ურტყამდა, პატარებმა იგრძნეს..." - რას ამბობენ ადგილობრივები წყნეთში 16 წლის მოზარდის გარდაცვალების შესახებ
"როგორც ჩანს, ზემოთ არის პრობლემა. კალათბურთელი ყოფილა, ბავშვი ახტა და ხელით შეეხო ჭერს. მერე გამჟღავნდა, რომ ბოლო ხანებში, სანამ ეს სამუშაოები დაიწყებოდა, თურმე დენი ურტყამდა. პატარებმა იგრძნეს. ეს ალბათ ჩვენი ბრალიცაა, იმიტომ, რომ პატარა რომ მოვიდა სახლში და თქვა მსგავსი რამ, რეაგირება უნდა ყოფილიყო" - ამბობს ადგილობრივი წყნეთში 16 წლის მოზარდის გარდაცვალების შესახებ.
ვაკის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, ფანჩატურში, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, უკანონოდ, კუსტარულად იყო დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა.
"რაც შეეხება კონკრეტულ მედიასაშუალებებში გასულ ინფორმაციას, თითქოს მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება, ეს არის სრული სიცრუე და თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციის მცდელობა. სკვერის გამწვანების სამუშაოები საწყის ეტაპზეა და ამ დრომდე არანაირი შეხება არ ჰქონია ზემოხსენებულ ფანჩატურთან" - აცხადებენ ვაკის რაიონის გამგეობაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყნეთში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი 16 წლის ბიჭის საქმეზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ვიდეო: "ფორმულა"