"ამ კაცმა ბავშვის გაუპატიურება მხოლოდ მკვლელობის დღეს როდი სცადა" - სამტრედიაში 29 წლის ქალის მიერ მეუღლის მკვლელობის შემზარავი დეტალები: რას ამბობს ოჯახის ახლობელი
სამტრედიაში რამდენიმე დღის წინ მკვლელობა მოხდა - ცოლმა ქმარი მოკლა. მკვლელობის შესახებ "კვირის პალიტრამ" ახალი დეტალები გაარკვია.
"ამ ოჯახის მთელმა ისტორიამ ჩემ თვალწინ გაიარა. ქალი ჩემი ახლობელია, ვცადე, უბედურება თავიდან ამეცილებინა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ისღა დამრჩენია, სიმართლე გავახმაურო, რათა სინდისის წინაშეც მართალი ვიყო და იქნებ დამნაშავესაც შევუმსუბუქო სასჯელი" - ამბობს ქალის ახლობელი.
მისი თქმით, ქალმა დანაშაული იმიტომ ჩაიდინა, რომ 13 წლის ქალიშვილი დაიცვა ქმრისაგან, რომელთანაც მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა.
- გოგონა პირველი ქმრისაგან ჰყავდა. ამ კაცმა ბავშვის გაუპატიურება მხოლოდ მკვლელობის დღეს როდი სცადა. არ მჯერა, რომ სასამართლო ამას არ გაითვალისწინებს და დამნაშავეს სასჯელს არ შეუმსუბუქებს...
8 წლის წინ დაქორწინდნენ. პირველი ქორწინებიდან დაბადებული გოგონა 5 წლის ჰყავდა, როდესაც ჩემი ნათესავი მეორედ გათხოვდა. პირველ ქმართან ის გაშორებული იყო. პირველად დაახლოებით 15 წლის ასაკში გათხოვდა. ეგონა, ამჯერად მაინც გაუმართლებდა, ააწყობდა ცხოვრებას, მით უფრო, რომ მეორე ქმართან ბიჭიც შეეძინა, რომელიც ამჟამად 7 წლის არის. მუხლჩაუხრელადაც მუშაობდა, სამტრედიაში მთელ ბაზარს ალაგებდა, მაგრამ მისი ლოთი ქმარი ვერაფერმა გამოასწორა. მამინაცვალი დიდი სიყვარულით გერს არასოდეს ექცეოდა, უცემია კიდეც, პედოფილიის მცდელობა კი მაშინ მოხდა, როდესაც გოგონა 10 წლის იყო. ამ დროს ბავშვი მამინაცვალს ბიძასთან გაექცა (დედის ძმა) და ყველაფერი მას მოუყვა. გამწარებულმა ბიძამ სიძეს ჯერ სცემა, მერე კი ეს ამბავი პოლიციას შეატყობინა. პოლიციამ ნაძირალა ციხეში გადაიყვანა, თუმცა მხოლოდ 6 თვით, მერე კი გამოუშვეს. ამ დროს ნათესავებს შეგვეშინდა, რაიმე უბედურება არ მომხდარიყო და ამიტომ სოციალურ სამსახურს შევატყობინეთ. მათ ბავშვი ორი წლის მანძილზე მინდობით აღზრდაში ჰყავდათ. თუმცა, როგორც კი გოგონა შინ დაბრუნდა, მაშინვე ყველაფერი თავიდან დაიწყო. თუმცა, ბავშვმა თავი დაიცვა და ამჯერად დედას მოუყვა ყველაფერი.
მინდობით აღზრდიდან დედამ დააბრუნა. ამბობდა, შვილის გარეშე არ შემიძლიაო. თანაც, ქმარმა დაარწმუნა, რომ გარყვნილებას აღარ ჩაიდენდა. დედამაც იბრძოლა და შვილი სახლში დააბრუნა... ქმარმა იმის სადემონსტრაციოდ, რომ გამოსწორდა, ალკოჰოლის საწინააღმდეგო კაფსულაც კი ჩაიდგა. თუმცა, როდესაც ცოლი სამსახურში გაიგულა... ბავშვმა მაგიდა გადააყირავა, ამასობაში დედა ბაზრიდან დაბრუნდა და ეს სურათი რომ ნახა, შვილს ყველაფერი მოაყოლა. მერე ჩხუბიც ატყდა - როგორც მეზობლები ამბობენ, ეს ჩხუბი რაღაც პერიოდის შემდეგ მინელდა, წივილ-კივილი აღარ ისმოდაო. თუმცა შუაღამით ისევ გაგრძელდა. ამ დროს ბავშვებს უკვე მეორე სართულზე ეძინათ, ცოლ-ქმარი პირველ სართულზე იყო. როგორც ჩანს, საცოდავმა ქალმა იფიქრა, სანამ ბავშვები არ მიყურებენ, მოვკლავ და მოვისვენებო და ასეც მოიქცა.
ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე>>>>