loader

სიახლე სესხებთან დაკავშირებით, რომელიც მაისიდან ამოქმედდება - ვის შეეხება ცვლილება? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიახლე სესხებთან დაკავშირებით, რომელიც მაისიდან ამოქმედდება - ვის შეეხება ცვლილება?

საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას განაგრძობს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„2024 წლის თებერვლის მონაცემებით, ბანკები კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებენ. საკრედიტო აქტივობა მდგრად დონეზეა.

2024 წლის თებერვალში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლით კურსის ეფექტის გამორიცხვით, 16.4% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანწილად, ბიზნესსესხების ზრდით იყო განპირობებული. ეტაპობრივად იხურება სესხის მშპ-თან ფარდობის გაპი. აღნიშნული პოზიტიური დინამიკის ფონზე, ეროვნული ბანკი დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას აგრძელებს.

ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს მუშაობას ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად. ბოლო წლებში არსებული პოზიტიური ტენდენციის მიუხედავად, დოლარიზაცია და მასთან დაკავშირებული რისკები ფინანსური სექტორისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ, უმეტესად, ცვლადგანაკვეთიან სესხებს, თან ახლავს საპროცენტო და გაცვლითი კურსის რისკები, რომელიც განსაკუთრებით საყურადღებოა უცხოურ ვალუტაში არაჰეჯირებული მსესხებლების მაღალი წილის, რეგიონის ვალუტების გაცვლითი კურსის გაზრდილი მერყეობისა და გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების ფონზე. ზემოაღნიშნული რისკების შერბილების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის პირველი იანვრიდან უცხოური ვალუტის არაჰეჯირებული სესხების ლიმიტი 200 000-დან 300 000 ლარამდე გაზარდა. გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, ეროვნული ბანკი ინდუსტრიასთან კოორდინაციით აქტიურად განაგრძობს მუშაობას აღნიშნული ლიმიტის ეტაპობრივი ზრდის კუთხით მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების გათვალისწინებით.

მიმდინარე მაკროეკონომიკური და მაკროფინანსური გარემო ხელსაყრელ პირობებს ქმნის დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად. შემცირებული ინფლაციის კვალდაკვალ რეფინანსირების განაკვეთის ეტაპობრივი შემცირება ლარის სესხებს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მოსახლეობისა და ბიზნესისთვის, რაც თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება საკრედიტო აქტივობაზე. სტაბილურია ლარის ფონდირების ზრდა და ბანკებს აქვთ საკმარისი ლიკვიდობა, რომ შეუფერხებლად დააკრედიტონ ადგილობრივ ვალუტაში. ამასთან, გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების ფონზე, შემცირებულია მოთხოვნა უცხოური ვალუტის სესხებზე. აღნიშნული გარემოებები სასურველ წინაპირობას ქმნის უცხოური ვალუტის სესხების ლიმიტის გასაზრდელად ეკონომიკაზე მინიმალური გავლენით. შესაბამისად, ეროვნული ბანკი არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარს 300 000-დან 400 000 ლარამდე ზრდის. ცვლილება ძალაში 2024 წლის 1-ელი მაისიდან შევა.

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს", - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2024 წლის 29 მაისს გაიმართება. განაგრძეთ კითხვა