"ეს იყო საშინელება! დაიწყეს პროვოკაცია და დაიწყო გინებები..." - რას ამბობს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ზუგდიდში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე?
ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მე-9 საარჩევნო უბანზე მორიგი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო.
როგორც კოალიცია „ცვლილებისთვის” წევრმა, სალომე მელიამ განაცხადა, მე-9 უბანთან მის მეუღლესა და ბიძაშვილის “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ფიზიკურად და სიტყვიერად გაუსწორდნენ.
მელიას თქმით, მომხდარის ზუსტი მიზეზი არ იცის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული მისი მხრიდან უბნების დაკვირვებას უკავშირდებოდეს.
„ჩემი მეუღლე და ბიძაშვილი უბნის გარეთ იდგნენ, მე კი უშუალოდ უბანზე შემოვლას ვაწარმოებდი, პროცესი რომ მენახა. მე-9 უბანი რადგანაც დატვირთულია, ჩემმა დამკვირვებელმა მოსვლა მთხოვა, მოვედი და გარეთ უცებ ჩოჩქოლი ატყდა. ჩემი მეუღლე და ბიძაშვილი დაახლოებით, 25-მა ზონდერმა მოსაკლავად გაიმეტა, ეს იყო საშინელება. ვიხვეწებოდით, რომ პატრული გამოეძახათ და არ გამოიძახეს. მოგვიანებით მოვიდა პოლიცია. დაპირისპირების რეალური მიზეზი არ ვიცი”, - განაცხადა სალომე მელიამ.