"დიდი ტრაგედია მოხდა და ექიმი თავისთავად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია" - ქუთაისის მეორე სამშობიაროს დირექტორის პირველი კომენტარი 28 წლის შორენა ონიანის გარდაცვალების შესახებ
ტრაგედია დატრიალდა ქუთაისში. 28 წლის შორენა ონიანი, რომლის გადარჩენასაც მშობიარობის შემდგომი გართულების შემდეგ ექიმები რამდენიმე დღე ცდილობდნენ, გუშინ გარდაიცვალა.
რამდენიმე დღის წინ ქუთაისის მეორე სამშობიაროში ონიანს ნაადრევად ტყუპი შეეძინა. მშობიარობიდან რამდენიმე საათში შორენას მდგომარეობა დამძიმდა. თბილისში გადმოყვანის შემდეგ, ოჯახს ურჩიეს, რომ სასწრაფოდ თურქეთში გადაეყვანათ. შორენა ტრაპიზონის კლინიკაში გარდაიცვალა. ambebi.ge დავუკავშირდით ქუთაისის მეორე სამშობიაროს ხელმძღვანელს, ბატონ ირაკლი მერკვილაძეს, მისი თქმით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
- ბატონო ირაკლი, გარდაცვლილი ფეხმძიმეს ოჯახი მომხდარში ექიმს ადანაშაულებს, მის დასჯას ითხოვს და დაუდევრობაზე საუბრობს, რა გახდა ორსულის გარდაცვალების მიზეზი?
- ზუსტად ვერ გეტყვით, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. ეს ყველაფერი გამოსაკვლევია, რაც შემიძლია გითხრათ ეს არის, რომ გართულებები მოხდა ჩვენთან, კლინიკაში. ამჟამად მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. სრულფასოვანი გამოძიება უნდა ჩატარდეს, ამას აკეთებს პოლიცია და პარალელურად მიდის გამოძიება ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამმართველოს მიერ. მათთვის ყველა ინფორმაცია მიწოდებულია, ეს პროცესი ახლა მიდის და საბოლოოდ გაირკვევა ყველაფერი, როცა ეს დეტალები იქნება გამოკვლეული.
- რას ამბობს თავად ექიმი?
- დიდი ტრაგედია მოხდა და ექიმი თავისთავად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ზუსტად, რაც მოხდა, ეს ყველაფერი ასახულია პაციენტის ისტორიაში. კლინიკის ხელმძღვანელი ვარ და რა თქმა უნდა ვარ საქმის კურსში, ვიცი რაც მოხდა, თუმცა ამ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ამას სჭირდება ზუსტად გამოკვლევა და გამოკვლევის შედეგები დააზუსტებს რა და როგორ მოხდა.