დიდთოვლობის გამო, ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას აჩერებს
ბათუმში თოვლის საფარი 50 სანტიმეტრს აჭარბებს. თოვისა და ქარბუქის გამო, ქალაქში სატრანსპორტო გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდულია. ნალექმა ხეები დააზიანა, რომელიც ტროტუარზე მდგომ ავტომობილებს დაეცა. როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, ქალაქის მასშტაბით ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები ინტესიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
“დიდთოვლობასთან დაკავშირებით, ქალაქის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვადასხვა სამუშაოები. ამ ეტაპზე ქალაქს 70 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკური საშუალება და 700-ზე მეტი თანამშრომელი ემსახურება”,- აცხადებენ ბათუმის მერიაში
ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ უხვი ნალექის გამო, მუნიციპალური ტრანსპორტი დროებით მუშაობას წყვეტს.
“ინტენსიური თოვის, შეზღუდული ხილვადობისა და გზებზე წარმოქმნილი ლიპყინულის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით აჩერებს გადაადგილებას ყველა მიმართულებით”,- აცხადებენ უწყებაში .