"ეკლესიაში წირვა- ლოცვის შემდეგ შეაღწიეს" - არსებული ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ეკლესია გაქურდეს
"მთავარი არხის" ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გაქურდეს.
ტაძრიდან მოსახლეობის მიერ გაღებული შესაწირი მოიპარეს.
ჯერ-ჯერობით დაუდგენელმა პირებმა ეკლესიაში წირვა- ლოცვის შემდეგ შეაღწიეს.
ეკლესიის სტიქაროსანი უჩა ქემაშვილი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა.
,,გუშინწინ, შაბათს ამ ეკლესიაში ჩატარდა წირვა-ლოცვა, რის შემდეგაც სასულიერო პირებმა მიცვალებულთა მოხსენიების პანაშვიდი გადაიხადეს, საკმაოდ ბევრი ხალხი იყო ტაძარში მოსული და იფიქრეს შესაწირიც ბევრი იქნებოდა. ტაძრის შესაწირი ორივე ყუთი მოგლეჯილია და თანხაა წაღებული"- ამბობს ქემაშვილი.
"მთავარი არხის" ცნობით, ჩუმლაყის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია უკვე მეორედ გაქურდეს.
პირველი შემთხვევის დროს, დაუდგენელმა პირებმა ხატები და საეკლესიო ნივთებიც დააზიანეს.