"თუ არ დაგჭრა... ამოგივარდები სახლში და გადმოგაგდებ მე-4 სართულიდან" - ვრცელდება ფარული ჩანაწერები, როგორ აიძულებდა 32 წლის ქალი 62 წლის ქალს სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრეფიკინგის ბრალდებით 1 პირი დააკავა. უწყების ცნობით, დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტრეფიკინგის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 1993 წელს დაბადებული მ.ფ. დააკავეს.
დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებითა და მუქარით, 1963 წელს დაბადებულ ლ.ქ.-ს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა.
გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ ამ გზით მოპოვებული თანხის ნაწილს ბრალდებული ისაკუთრებდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.