"მინდა, „ლელოს“ და პარტია „საქართველოსთვის“ ამომრჩევლებმა, ასევე სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა იცოდნენ, რომ ეს ორი პარტია გამალებით ემზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის" - შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ლელო“ და პარტია „საქართველოსთვის“ გამალებით ემზადებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.
პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან მამუკა ხაზარაძეს „თაღლითი“ უწოდა და აღნიშნა, რომ პარტია „ლელომ“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო.
„ყველამ გავაცნობიეროთ, მზადება რას ნიშნავს. მზადება ნიშნავს ფინანსების გამოყოფას, მათ შორის შეიძლება დამატებითი რესურსით გაძლიერებას პარტიული სტრუქტურების, ოფისების და ასე შემდეგ. უპირველეს ყოვლისა, ფულის გამოყოფას გულისხმობს, ასე იწყება მზადება. თქვენ ახლა რა გგონიათ, რომ თაღლითების, ხაზარაძის პარტია ფულს გამოყოფს სავარაუდო არჩევნებისთვის, რომელიც იცის, რომ არც დაინიშნება? რა თქმა უნდა, სადაც ისინი ფულის ხარჯვას იწყებენ, იწყებენ იმ არჩევნებისთვის, რომელიც იციან ნამდვილად ჩატარდება. ეს ქვეყანა მგონი დიდი არ არის, პატარაა. ყველა ყველას იცნობსო რომ ვამბობთ, ამაში იგულისხმება ის, რომ ინფორმაციები ძალიან საჯაროა, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება მთლიანად საქართველოს, რეგიონებს და ამას ვერ დამალავს ადამიანი, რა დავალებები მისდით, რით არიან დაკავებული, ემზადებიან არაადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. თავის ამომრჩეველს ატყუებენ, რომ დიდი რევოლუციონერები არიან, ახლა ამოაყირავებენ საქართველოს ისტორიას და ა.შ. ამიტომ, მინდა „ლელოს“ და პარტია „საქართველოსთვის“ ამომრჩეველმა, მათ შორის სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა იცოდნენ, ეს ორი პარტია გამალებით ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის“,-განაცხადა პაპუაშვილმა.