"გიჟს ვგავარ, ჩემი 18 წლის ლაშას მკვლელმა, ბარში ყელი გამოჭრა 18 წლის ბიჭს, მანამდე ბარმენი დაჭრა" - რას წერს მოკლული ბიჭის დედა?
ორი დღის წინ, 11 მაისს ცნობილი გახდა, რომ თბილისის ერთ-ერთ ბარში დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა.
მოკლულია 18 წლის ალეკო შაკიაშვილი. სასტიკი მკვლელობა დილის საათებში მოხდა. ერთი ვერსიით, ალეკომ დამნაშავეს ბარში შემთხვევით მხარი გაკრა, ამას მოყვა საქმის გარჩევა და ეს უმძიმესი დანაშაული. როგორც ამბობენ, სისხლიანი ანგარიშსწორება ბარში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა. დამნაშავემ ახალგაზრდას ყელის არეში და სხეულის სხვა ადგილებში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
საზარელ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება ი.გ.- ის მიერ მოკლული ახალგაზრდის ლაშა რუბაშვილის დედა. როგორც დოდო მაისაძე წერს, წლების წინ ივანე გიგლემიანმა მისი 18 წლის შვილი - ლაშა მოკლა, ასევე დაჭრილი ჰყავს ბარმენი.
“მაპატიეთ, მაპატიეთ ჩემო კარგო ადამიანებო ორი დღეა გიჟს ვგავარ. ჩემი 18 წლის ლაშას მკვლელმა, ივანე გიგლემიანმა, ბარში ყელი გამოჭრა 18 წლის ბიჭს იმ მიზეზით რომ შემთხვევით მხარი გაკრაო. როდემდე ხალხო, როდემდე უნდა ხოცოს ჩვენი შვილები ამ ცივსისხლიანმა მკვლელმა.
ჩემი შვილის მკვლელობამდე ბარმენი დაჭრა, მერე მე მომიკლა შვილი. მიუსაჯეს 26 წელი, შეეხო ამნისტია, გამოვიდა, შემდეგ ბიჭი დაჭრა. ისევ იჯდა, გამოვიდა, ახლა ბიჭს ყელი გამოჭრა. როდემდე...
15 წლამდე პატიმრობაო. შეიძლება მისი გარეთ ყოფნაა? მე ხომ ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქცია, ჩემი ლაშას და იმ ბიჭის ცოდვით ციხეში უნდა დალპეს,“ - წერს დოდო მაისაძე.