ვრცელდება კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ დაეჯახა 3 არასრულწლოვანს ავტომობილი - ზუგდიდში მომხდარი შემთხვევის დეტალები
წუხელ ზუგდიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი მ.ჩ დაკავებულია. 65 წლამდე კაცი ბრალის წარდგენას დროებითი მოთავსების იზოლატორში ელოდება. ჩატარებულმა ექსპერტიზებმა დაადგინეს, რომ კაცი ავარიის დროს ფხიზელი იყო. ახლობლები ვარაუდობენ რომ შემთხვევის დროს, ის დიაბეტის გამო შეუძლოდ გახდა და ავტომობილის მართვა ვეღარ შეძლო, რის შემდეგაც ვიტოს ტიპის მიკროავტობუსი 3 მოზარდს დაეჯახა.
რაც შეეხება დაშავებული მოზარდების მდგომარეობას, მოზარდი რომელსაც მიღებული დაზიანებების გამო თავზე ნეიროქირურგიული ოპერაცია დასჭირდა კვლავ მძიმე მდგომარეობაშია და ის კვლავ ზუგდიდის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. სტაბილურად მძიმეა ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანილი მოზარდის მდგომარეობაც, ისიც ხელოვნური კომის მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შედარებით მსუბუქია მესამე მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც მოტეხილობები აღენიშნება, მესამე მოზარდიც ამ ეტაპზე კვლავ ზუგდიდის საავადმყოფოში რჩება.