"ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურად იძალადა, დაშავებული თავის არეში დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს და მკურნალობა უტარდება" - შსს ბექა ონიანის ცემაში ბრალდებულის დაკავების კადრებს ავრცელებს
პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავა
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ი.ტ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, ბრალდებულმა თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურად იძალადა 1998 წელს დაბადებულ ბ.ო.-ზე, რის შედეგად ბ.ო. წაიქცა და თავის არეში დაზიანება მიიღო. მომხდარის შედეგად ი.ტ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს." - აღნიშნულია განცხადებაში.