"ვიცი, ნონა გაფრინდაშვილის გაკრიტიკება არ შეიძლება, რადგან შესაძლოა პროპაგანდისტებმა წაიღონ ციტატა და წერონ, რომ მე მორიგ "სიწმინდეს შევეხე", მაგრამ..." - რას წერს ლაშა ბუღაძე
მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში, ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საუბარს ეხმარეუბა, სადაც ჭადრაკის დედოფალი ამბობს, რომ "9 აპრილს ხალხს გასაქცევი ჰქონდათ. კი მისდევდნენ იმ ადამიანებს, მაგრამ გასაქცევი ჰქონდათ, აქ [26 მაისს] არ ჰქონდათ.“
"ვიცი, ნონა გაფრინდაშვილის გაკრიტიკება არ შეიძლება, რადგან შესაძლოა პროპაგანდისტებმა წაიღონ ციტატა და წერონ, რომ მე მორიგ "სიწმინდეს შევეხე", მაგრამ მისი სიტყვები, რომ 9 აპრილს ხალხს თურმე გასაქცევი დაუტოვეს როდიონოვმა და კოჩეტოვმა და 26 მაისს კი - არა, სულ მცირე, უპატივცემულობაა რუსების მიერ 9 აპრილს მოკლული 21 ადამიანის ხსოვნის და ისტორიულად კი - უზნეო უსამართლობა.
2010 წლის 26 მაისი შემზარავი იყო - მთელი თავისი, ჩეკისტების მიერ ინსპირირებული "საპროტესტო" წინაპირობით და სისხლიანი რბევით ბოლოს, თუმცა ამ დღის 9 აპრილთან შედარება, ამორალურია და დანაშაულებრივიც კი. როგორც ჩანს, ქ-ნი ჭადრაკის დედოფალი 80-იანი წლების ბოლოს განსაკუთრებულ ემოციურ ბმულობას ვერ გრძნობდა ეროვნული პროცესების მიმართ და, სავარაუდოდ, როგორც საბჭოთა ელიტარული ნომენკლატურის ნაწილი, მაშინდელი ცეკას ხელმძღვანელობის გულშემატკივარი უფრო იყო, ვიდრე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ხალხის. ზოგადად კი, რაც წლები გადის, მით უფრო ვიაზრებ, როგორ, რისი და რატომ ეშინოდა ამ ნომენკლატურულ "ელიტას" საბჭოთა კაგებეს არქივების გახსნის. არსებითად, პუტჩიც ხომ დიდწილად ამ შიშების გამო "მოაწყვეს" - წერს ლაშა ბუღაძე.
"რაც ჩვენ 26 მაისს გადავიტანეთ, წინასწარ იყო მოფიქრებული, ეს იყო დაგეგმილი ოპერაცია -- ჩვენი დასჯა უნდოდათ იქ სერიოზულად, მე მაგას სასაკლაოს ვუწოდებ, - ამის შესახებ მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, 2011 წლის 26 მაისის მოვლენების დროს, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა გასასვლელები ჩაკეტეს და ხალხს გასაქცევი არ დაუტოვეს.
„ჩვენ რაც 26 მაისს გადავიტანეთ, წინასწარ იყო მოფიქრებული, ეს იყო დაგეგმილი ოპერაცია. ჩვენი დასჯა უნდოდათ იქ სერიოზულად. მე მაგას სასაკლაოს ვუწოდებ, იმიტომ რომ, რაც იქ მოხდა, ამას ვერავინ წარმოიდგენდა. ბევრი აქცია ჩატარებულა. 9 აპრილიდან რომ დავიწყოთ, შემდეგ რა აქციებიც ტარდებოდა, მსგავსი არც ერთ აქციაზე არ ყოფილა. სამი კორდონი იყო ჩვენს ირგვლივ იმ დღეს, გასასვლელიც არ იყო დატოვებული, ჩაკეტილი იყო. 9 აპრილი იმიტომ ვახსენე, ის საშინელება, რომ ხალხს გასაქცევი ჰქონდათ. კი მისდევდნენ იმ ადამიანებს, მაგრამ გასაქცევი ჰქონდათ, აქ [26 მაისს] არ ჰქონდათ,“ - განაცხადა გაფრინდაშვილმა.
ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე 2011 წლის 26 მაისს მომხდარ მოვლენებს განიხილავენ. სხდომაზე მოწვეულნი არიან ნონა გაფრინდაშვილი, დავით ლორთქიფანიძე, გიორგი ბურჯანაძე და ელდარ (ლუკა) კურტანიძე.