"დავას გადავაწყდი სააკაშვილის ბანერის ყოფნა-არ ყოფნაზე..." - რას წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში?
გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
"ეს სურათი რიყეზეა გადაღებული. დღეს აქ ლეგენდარული იტალიელი არქიტექტორის მასიმილიანო ფუქსასის დოქებს ანგრევენ, ეს ნაგებობა 2016 მსოფლიოს ორიგინალურ ნაგებობათა ათეულში მოხვდა. დოქების იდეა იყო თეატრალური და საგამოფენო სცენა, მორგებული ტურიზმზე, კონცეფციით, მთელი პარკი იქნებოდა ერთი დიდი კარნავალი სტუმრებისთვის და თბილისელებისთვის. გუშინ შეაჩერეს, ნაგვის ბუდედ და სასაკლაოდ აქციეს, დღეს ანგრევენ და ხვალ კორპუსულ სასტუმროს ააშენებენ.
დუქნები დააბრუნეთ, ხალხი მაინც ივლის რესტორნებში ან როგორც 90-იანებში "ბენზოკალონკა" იდგა მანდ. და კიდევ იმიტომ მომინდა ამ სურათის გაზიარება, რომ დავას გადავაწყდი სააკაშვილის ბანერის ყოფნა არ ყოფნასთან დაკავშირებით.
არ მიკვირს, მიშა, როგორც წესი ან ძალიან უყვართ ან ძალიან სძულთ. მისი გაქრობა საქართველოდან ბევრს სურს. ცხადია, სხვა და სხვა მიზეზით. მაგრამ, მეგობრებო, საქმე ხომ მიშაში არაა, საქმე - ჩვენშია.
ჩვენ ხომ იმისთვის ვიბრძვით, რომ ვიღაცას წერილის გამოქვეყნების უფლება ჰქონდეს, ვიღაცას ხელის მოწერის ან არ მოწერის, ვიღაცას კი ბანერის ჭერის უფლება და ვიღაცას ამის მოთმენა. ამიტომ მთავარია ბრძოლა გაგრძელდეს და სასურველია ოდნავ მეტი პატივისცემა ერთმანეთის მიმართ სოციალური სივრცე ბრძოლის არეალია. ამიტომაც ხელში მიჭირავს ანუ ვაქვეყნებ "მიშას ბანერს", ვითხოვ ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების თავისუფლებას" - წერს უგულავა.