"პროკურორ გოგოებს არ შიათ - დაჭერაა მაგათი საკვები - სხედან 10 კაციან ამოგუდულ დარბაზში და სტოიკურად ელოდებიან ჯაფარას ციხეში გაშვებას" - რას წერს ნიკა გვარამია ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესიდან, სადაც მოსამართლებ 20 წუთიანი შესვენება გამოაცხადა
პროკურატურა „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - 20 000-ლარიანი გირაოს შეცვლას მოითხოვს.
თუმცა, შუამდგომლობის დაყენება მათ სხდომაზე ვერ მოასწრეს, ვინაიდან, აღნიშნული ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, ადვოკატებმა სხდომაზე განაცხადეს, რომ სამუშაო დრო ამოიწურა, 18:00 საათია და სხდომა უნდა გადადებულიყო.
როგორც საქმის პროკურორი ნათია თათიაშვილი განმარტავდა, დაცვა რამდენიმე წუთის წინ აცხადებდა, რომ მზად იყო არასამუშაო დროს ემუშავა, ახლა კი მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ გირაოს შეცვლის შუამდგომლობას აყენებენ, დაცვამ გადადება მოითხოვა. აღნიშნული პროკურატურამ დაცვის მხრიდან დროის გაჭიანურებად მიიჩნია.
დაცვის მხარის განმარტებით, საჩქარო არაფერი არის, სამუშაო საათები ამოწურულია და სხდომა სხვა დროს უნდა ჩატარდეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიცია მოსამართლე ბრალდებულსაც ჰკითხა.
სხდომის გადადებას არ ეთანხმებოდა ბრალდების მხარე და განმარტავდნენ, რომ თუკი, ადვოკატებს საქმე აქვთ, ეს მუხლი სავალდებულო დაცვას არ ექვემდებარებოდა და ისე განხილულიყო ეს საქმე.
ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მათ მოცულობითი შუამდგომლობა აქვთ საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით, შესაბამისად, პროცესი უნდა გადადებულიყო.
მოსამართლემ სხდომა არ გადადო, თუმცა, შესვენება გამოაცხადა.
"6 საათია, სასამართლო სამუშაო საათები დასრულდა. მოსამართლემ პროცესი არ გადადო: ჯაფარას დაჭერის შუამდგომლობა უნდა განვიხილო აქვე და დღესვეო. ორი ახალგაზრდა გოგო პროკურორმა თავი წაიქციეს, სანამ არ დავიჭერთ, პროცესი არ შეწყდესო. 20 წუთიანი შესვენებაა, გული რომ არ წაგვივიდეს შიმშილით და წყურვილით. პროკურორ გოგოებს არ შიათ - დაჭერაა მაგათი საკვები - სხედან 10 კაციან ამოგუდულ დარბაზში და სტოიკურად ელოდებიან ჯაფარას ციხეში გაშვებას.ოლიგარქია უნდა დაემხოს!" - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.